„მე, რომ ზურაბიშვილის მრჩეველი ვყოფილიყავი, ვურჩევდი გაეხსენებინა აშშ-ის ექს-პრეზიდენტი. ზუსტად ეს აზრი ობამას აქვს გამოთქმული; მისი პოზიცია შემდეგ დასავლეთმა მეტ-ნაკლებად გაიზიარა, რადგან პროცესი შეანელა - „ნუ ვიჩქარებთ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, რომ რუსეთმა არაფერი დაუშაოსო“ - მოტივი ეს იყო. აზრი ზუსტად იგივეა - იმ დროს არ გაკეთდეს, როდესაც რუსეთმა შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს, უნდა გაკეთდეს იმ დროს და ისე, რომ რუსეთს აგრესიის სურვილი ან შესაძლებლობა არ ჰქონდეს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, საქართველოში სამხედრო ბაზის აშენების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.
დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 19 მაისს უნდა გაიმართოს, დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე, შესაძლოა საკადრო ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, „რეზონანსი“ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: იგივე თქვა ზურაბიშვილმა, რაც ობამამ. ბოლოში უნდა აღენიშნა, რომ ეს აზრი მან კი არა, ობამამ გამოთქვა. ხშირად ამბობენ, რომ კარებთან ვდგავართ და რატომ არ გვიშვებენო (ნატოში). იმიტომ არ გვიშვებენ, რომ შემდეგ რაიმე უბედურება არ დატრიალდეს. ანალოგიური საკითხი დგას ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებითაც.
უადგილოდ ნათქვამი ფრაზაა. საკუთარი პოზიციის გამოთქმა აუცილებელი არ იყო, მაგრამ, ზოგადად, ზურაბიშვილის გარეშე ასეთი ფონი არსებობს და იქამდეც, სანამ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.
„რეზონანსი“: პარლამენტში შს მინისტრს გიორგი გახარიასა და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ. როგორ შეაფასებთ მათ გამოსვლას და რამდენად გაეცა პასუხები კითხვებს?
რ.ს.: კითხვები იყო რომ, პასუხი გაცემულიყო? ის კითხვა, რომელსაც ორივე მინისტრთან მსჯელობაში წამყვანი ადგილი ეკავა - ერთმანეთში როგორ ურთიერთობა აქვთ - არ არის ეს სახელმწიფოს ბედ-იღბალზე დაფიქრებული ადამიანების კითხვა.
მსგავსი კომპეტენციის უწყებებში ყველა ქვეყანაში, კონკურენციის მაგვარი ფონი ყოველთვის არის, მაგრამ ეს ქვეყნები არც ინგრევა და არც შენდება. რა მნიშვნელობა აქვს კარგი ურთიერთობა აქვთ თუ ცუდი? რაც საქმეა, ის არის გასარკვევი.
პანკისის საკითხის მომზადების შესახებ დასმული შეკითხვა, ნამდვილად სახელმწიფოებრივი კითხვა იყო. ჯერ გახარიამ და შემდეგ გომელურმაც დაადასტურა, რომ საკითხი იყო მოუმზადებელი.
„რ“: თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გიორგობისთვის დავით გარეჯში მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტონ?
რ.ს.: საკითხები სანამ რაიმე სისტემაში არ მოექცევა, ეს საშიშროება ყოველთვის იარსებებს. ანალოგიური ინციდენტები გვახსოვს და სავარაუდოა, რომ მომავალშიც იქნება.
„რ“: შუალედური არჩევნები ახლოვდება. რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება?
რ.ს.: არცერთი მიმართულებით წინასაარჩევნო კამპანია დიდად შთამბეჭდავი არ არის და დასრულდება ისე, როგორც უმეტეს შემთხვევაში სრულდება - მმართველი პარტია თავის წარმომადგენელს გაიყვანს.
„რ“: საუბარია იმის შესახებ, რომ შავლეგო ტაბატაძემ შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკაოს და ლევან იზორია ჩაანაცვლოს. რამდენად რეალურია მსგავსი რამ მოხდეს და თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?
რ.ს: საკადრო ცვლილებებს ალბათ ბევრი მიმართულებით უნდა ველოდოთ, ეს ერთი მიმართულებაა. საკადრო ცვლილებების თემა უფრო მომწიფებული შემოდგომისთვის იქნება. ახლა მომხდარი საკადრო ცვლილება არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ კეთილგაწყობას არ მოუტანს. ამდენად, ეს კონკრეტული ცვლილება მოცემული მომენტისთვის არ მოხდება.
თუ ცვლილებები იქნება, საფუძვლიანი ცვლილებები უნდა მოხდეს. მინისტრების დიდი ბლოკი უნდა შეიცვალოს. ზაფხულში ყველა დასვენების რეჟიმში გადავა, ამიტომ მეეჭვება ასეთი მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგას.
„რ“: ამ ცვლილებებს როდის უნდა ველოდოთ და რა ასახვას ჰპოვებს ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
რ.ს.: თუ ახლა განხორციელდა, მაის-ივნისი, შუაში მეხსიერებას ზაფხული გადაეკვრება და ის საკადრო ცვლილებები დავიწყებას მიეცემა. მომხდარ ცვლილებებს შემოდგომისთვის საზოგადოება უკეთ შეეჩვევა. თუკი გვიან შემოდგომაზე განხორციელდა, ამ ცვლილებებმა საზოგადოებაში შეიძლება ის რეზონანსი გამოიწვიოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამოადგება.
„რ“: ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიდის მსჯელობა ევროკავშირთან უვზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე. თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ეს საფრთხე?
რ.ს.: საქართველო ამ საფრთხესთან ძალიან ახლოს დგას. უცხოელებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც იგივე აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. მის მოგვარებაში სხვა სამინისტროებიც ჩართული არიან, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ერთდროულად ამდენი სიგნალი, სავარაუდოა, რომ ამ რისკისკენ მიგვითითებს - ამ რისკის წინაშე ვდგავართ. რისკის და არა იმის, რომ შეჩერების მექანიზმი აუცილებლად ამოქმედდება.