ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ფორბსის კვირა" მმართველი გუნდის მიმართულებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. „რეზონანსი" ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას დაუკავშირდა, მან განგვიცხადა, რომ ქობულიას გამოსვლა არ უნახავს, მაგრამ რადგან საზოგადოებას დარჩა კითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით, მანვე უნდა ახსნას.
„სამწუხაროდ, ქობულიას გამოსვლა არ მინახავს და მეორე ის, რომ მე ეკონომიკურ ბლოკთან არ მაქვს მჭიდრო ურთიერთობა. რადგან საზოგადოებას დარჩა კითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით, მან უნდა ახსნას ეს და არა სხვამ", - განაცხადა ქანთარიამ.
გიორგი ქობულიას განცხადებით, მისთვის გასაკვირი იყო, როდესაც მინისტრად დანიშვნის პირველ პერიოდში, საქართველოსში არყოფნის გამო აკრიტიკებდნენ და მმართველი გუნდი მას არ იცავდა.
„როცა საქართველოში არ ვიყავი, ხმები მომდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი საქართველოში არყოფნის გამო ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი. მართალი რომ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა, არავინ რომ არ დამიცვა, იგივე ჩემი გუნდიდან, მმართველი გუნდიდან რომ არავინ დამიცვა, ვერც მივხვდი ბოლომდე, მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე და შესაძლებელია, რომ ახლა უფრო ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო," - განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა"
ქობულიასვე თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ ბოლომდე ვერ გაითავისა გუნდში თამაშის წესები
„როცა უერთდები გუნდს, უნდა იცოდე, რომ თამაშის წესებით უნდა ითამაშო. მივიღეთ ის, რომ მე ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები, ან ვერ გავიგე, არ დავხარჯე საკმარისი დრო, რომ ეს გამეგო და მოხდა ის, რომ, რაც მეგონა დასაწყისში, ეს არ გამართლდა. ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი, რაც მოხდა", -აცხადებს გიორგი ქობულია გადაცემაში „ფორბსის კვირა".