ნათია ფეხშველაშვილი
05.05.2019

 „მეც ვიყავი მაგ გუნდში და დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს.

მისივე თქმით, ქობულიას წასვლის მიზეზი გახდა ის, რომ არ დათანხმდა იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

„მეც ვიყავი მაგ გუნდში და დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც გკარნახობენ როგორ უნდა მოიქცე. ეკონომიკის მინისტრმა როცა იცის რა უნდა აკეთოს და ამ დროს ვიღაცეები სთავაზობენ მთლად არც ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმას, ეს მიუღებელია. მე ასე გავიგე, რომ მას ვიღაცეები კარნახობდნენ, რომ ჯობდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

„მეც არაერთხელ ვყოფილვარ ამ მდგომარეობაში და ვეწინააღმდეგებოდი ამ სიტუაციას. როგორც ჩანს, მას პირდაპირ უთხრეს წასულიყო და მე არჩევნებმა მომიწია. წინააღმდეგობას რომ აწყდები, ეს ნორმალურია და შენც უნდა შეეწინააღმდეგო, არ უნდა დათმო და უკან არ უნდა დაიხიო", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

იგი დადებითად აფასებს გიორგი ქობულიას საჯარო საუბრებს, თუმცა ურჩევს, რომ მისი სიმართლე უფრო კონკრეტული ფაქტებით დაამტკიცოს.

„ნამდვილად ღირსეულად მოიქცა ქობულია, რომ ასე ხმამაღლა ლაპარაკობს და ეს ძალიან კარგია, რადგან დაფიქრდეს ის ხალხი, რომ ასე იოლად არა არის საქმე. თუმცა ქობულიას გარკვეული წინააღმდეგობა უნდა გაეწია.

„ქობულია ვერ იტყვის, რომ ის მართალი იყო და სხვები მტყუანნი, ამიტომ ან ბოლომდე უნდა თქვას სათქმელი, ან რთულია ასე, რადგან ვინც ეწინააღმდეგებოდა, ისიც იტყვის თავის არგუმენტებს თავის სასიკეთოდ. ესაა პოლიტიკა, ეს კონკურენციაა. ან უნდა დაამტკიცო, რომ შენ მართალი ხარ, ან მიიღო სხვისი სიმართლე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით ქობულია თანაგუნდელებისგან სოლიდარობის გამოცხადებას არც უნდა დალოდებოდა, რადგან „ქართული ოცნების" კოდექსი ამას არ ითვალისწინებს.

„როცა ქვეყანას მართავს არა პოლიტიკური გუნდი, არამედ ტექნოკრატები, ყველა თავის ოთახს პატრონობს. იქ სოლიდარობაზე ფიქრი ზედმეტია, რაც, სამწუხაროდ, უარყოფითად ახასიათებს ქართულ პოლიტიკას.

„რასაც ქობულია ამბობს, ახალი ამაში არაფერია, ჩვეულებრივი ამბავია „ქართული ოცნების" კოდექსიდან გამომდინარე. „ნაციონალური მოძრაობის" დროს სოლიდარობა მეტი იყო", - პაატა ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×