მარიამ ბოლქვაძე
05.05.2019

  

„აქ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, თბილისიდან, საგარეჯოდან, სოფელი უდაბნოდან. ალბათ, დღის ბოლომდე, დავრჩებით. ჩვენ ვუგზავნით შეტყობინებას ამ ხელისუფლებასა და ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ და პრინციპულად დავიცავთ საკუთარ მიწა-წყალს. ორმა სახელმწიფომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების უგულვებელყოფა აბსოლუტურად მიუღებელია.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დელიმიტაციის იმ კომისიის მუშაობის პროცესი შეისწავლონ, რომელიც მუშაობდა 1996 წლიდან და რომელმაც არაერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითად, 5 600 ჰექტარი მიწა გადასცა აზერბაიჯანს. ეს ინფორმაცია მე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიმანდრიტმა, კირიონ ონიანმა მომაწოდა და იგი ამ ინფორმაციის გავრცელებისას დოკუმენტებს ეყრდნობა", - აცახდებს ქაცარავა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება საკუთარ მიწა-წყალს არ დაიცავს, ამას საზოგადოება გააკეთებს. ქაცარავა აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ისევ არ ჩაიკეტოს.

„აზერბაიჯნელი მესაზღვრეები ჩვენთან კომუნიკაციას არ ამყარებენ, მხოლოდ ზრდილობიანად გვესალმებიან, რაიმეს თქმა აკრძალული აქვთ. ვიქონიოთ იმედი, რომ გზას კვლავ არ ჩაკეტავენ, მაგრამ ვიყოთ მზად ნებისმიერი გართულებისთვის.

„დღესაც ზუსტად იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ აზერბაიჯანელებს გზის ჩაკეტვის უფლება არ მივცეთ. იმიტომ, რომ საზოგადოება გააქტიურდა, ჩვენ დღეს, დავით გარეჯში, გადაადგილება შეგვიძლია და ამ საკითხის გარშემო მსჯელობა ხელისუფლებამაც დაიწყო," - აღნიშნა ქაცარავამ „რეზონანასთან" საუბრისას.

მისი ცნობით, სამოქალაქო აქტივისტები უკვე მუშაობენ მშვიდობიანი მონიტორინგის დასაწყებად და მას დაახლოებით ისეთივე სახე ექნება, როგორიც საოკუპაციო ხაზთან ჰქონდა.

„იმ გამოცდილებას, რომელიც აქამდე დაგვიგროვდა, გამოვიყენებთ და ბუნებრივია, ჩვენი მოქმედებები იქნება კოორდინირებული, მშვიდობიანი და ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციასა და დაძაბულობას ადგილი არ ექნება. ჩვენი მოქმედებები მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იქით, რომ საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დროულად, ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×