"ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო მხარდამჭერთა გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა
ია აბულაშვილი
06.05.2019

 ოკუპირებული ტერიტორიები, ტერორისტული საფრთხის განეიტრალება, საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული "ჰიბრიდული ომი" და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს წინაშე მდგომ მთავარ გამოწვევებად რჩება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გასულ კვირას პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ექსპერტები გომელაურის წლიურ ანგარიშს მთლიანობაში პოზიტიურად აფასებენ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით აშკარაა სუს-ის წარმატება ტერორიზმთან ბრძოლაში, ხოლო რაც შეეხება ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომი და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან გამკლავება მხოლოდ სუს-ის აქტივობით ვერ მოხდება და ამისათვის მთლიანად მთავრობის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ოკუპირებული ტერიტორიები

"2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომა არ შეცვლილა და ის კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობა გამოწვევაა როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ექსპერტთა შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საქმე არაა. მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა ბოლო წლებში უშიშროების საბჭოს დასუსტება.

"კონსოლიდირებული მიდგომა უნდა იყოს ამ საქმეში მთავრობისგან და ამის ერთ-ერთი ორგანო, როგორც საერთოდ აპრობირებულია მსოფლიო მთავრობებში, ეს არის უშიშროების საბჭო.

"სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში უშიშროების საბჭო არ მუშაობდა. შემდგომში საერთოდ ორი სტრუქტურა არსებობდა საქართველოს მთავრობაში - ერთი იყო პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და მეორე კრიზისების მართვის საბჭო პრემიერთან. ამ ორი უწყების ფორმატი ერთმანეთს კვეთდა და საქმე არ გამოდიოდა. ამ ფონზე მარტო უშიშროების უწყებისა და შერიგების სამინისტროს იმედზე იყო მიტოვებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

"აქედან გამომდინარე, ამ პრობლემების გადაჭრა და რეგიონის პრობლემების მოგვარება იყო ძალიან დაბალ დონეზე. ახლა შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, რომლის მდივანი გახდა შს მინისტრი და იმედია, რომ კონსოლიდირებული მიდგომის დემონსტრირება მოხდება," - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ასევე, მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პრობლემა მთლიანად სამთავრობო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია.

"რთულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, მწვავე შემთხვევები, ტრაგედიები რომ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი საზოგადოებისთვისაც ტრაგედიაა, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში.

"გატაცებები, რასაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ახორციელებენ, აგვისტოს ომის შემდეგ სიახლე არ არის. დაიწყო 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან და გრძელდება დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით. ვერც წინა ხელისუფლებამ და ვერც ამჟამინდელმა ვერ მოახერხა ამ აგრესიული ქმედების აღკვეთა.

"ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის რუსეთის სასაუბრო ენა საქართველოსთან, თორემ ყველასთვის მარტივია, გავაკრიტიკოთ ნებისმიერი უწყება და ნებისმიერი ჩინოვნიკი ამ კონტექსტში. რა თქმა უნდა, მეტი ეფექტიანობა არის ამისთვის საჭირო. არა მხოლოდ ისეთი ღონისძიებები, რაც შეიძლება ღია იყოს საზოგადოებისთვის, არამედ ფარულიც, ამისკენაც უნდა წავიდეთ და ვიფიქროთ. ყველას მოსწონს სხვა ქვეყნების მაგალითები, როცა მსგავსი დამნაშავეები დაუსჯელი არ რჩებიან ხოლმე, მაგრამ ამისათვის გაცილებით მეტია გასაკეთებელი სახელმწიფოს აღმშენებლობის მიმართულებით, განსაკუთრებით ეხება ძალოვან სამინისტროებს და პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს," - განაცხადა სალუქვაძემ.

ჰიბრიდული ომი

როგორც გომელაურმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, "2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობისა და დაინტერესების სფეროების დადგენისაკენ."

"ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები აღნიშნული სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა," - განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, "მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები."

"ჰიბრიდული ომის" ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს, იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე, სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, "2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობას".

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს.

"ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებითაც ვიტყვი, რომ ყველა ეს საკითხი უსაფრთხოების სამსახურის მოსაგვარებელი არ არის. მას შეუძლია, ეს საკითხი დააყენოს, რაღაც დონეზე იბრძოლოს, მაგრამ კომპლექსური მიდგომის პრეროგატივა აქვს ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ეს რგოლი როგორ მუშაობს - უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეებს იკვლევს, საქმეებს დებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ნებას ელოდება, თუ როგორ ხდება. კონცეპტუალური მიდგომის თაობაზეც არ ვიცით, კონტრღონისძიება როგორ ტარდება. ამის თაობაზე ბევრი არაფერი თქმულა.

"უნდა ითქვას, რომ ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან წარმოებს საქართველოს მიმართულებით, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგანაც, მაგალითად, სომხეთის მხრიდან. პრაქტიკულად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა თუ რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფება ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ინტერესების გატარებას ზემოთ ხსენებული მეთოდოლოგიის მეშვეობით. ამიტომ ამასთან ბრძოლა ძალიან რთული და მასშტაბურია.

"ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული ეფექტური ნაბიჯები იდგმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდეგ, მაგრამ, საერთო ჯამში, თუ გინდა, რომ აირიდო თავიდან ჰიბრიდული ომის უარყოფითი შედეგები ქვეყნისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისთვის მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა არ არის საკმარისი," - განაცხადა არეშიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, სუს-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონკრეტულ დეტალებზე გომელაური პარლამენტში ვერ ისაუბრებდა.

"თუ ვინმეს უკვირს, რატომ არ არის დეტალურად ახსნილი ანგრიშში ყველა საკითხი, რატომ არ გასცა პასუხი სამსახურის უფროსმა ყველა კითხვას, ვფიქრობ, სწორი მიდგომა არ არის, რადგან იგი დეტალურად ვერ ისაუბრებს, ისევ ამ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინერე, რა კეთდება ამა თუ იმ პრობლემის გასანეიტრალებლად. ვერც იმის აფიშირებას მოახდენს, მაგალითად, როგორ მუშაობს აგენტურული ქსელი, რამდენი აგენტი დაიჭირეს, რამდენი გადმოიბირეს, 10 აგენტი ჰყავდათ და ახლა 15 ჰყავთ. ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რა ხერხდება და ა.შ.," - განაცხადა ძაბირაძემ.

ტერორიზმთან ბრძოლა

გომელაურის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით მოქმედებას.

"გასულ წელს საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად ტერორისტულ გამოწვევას ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით მოქმედებას. აღნიშნულის ფარგლებში, ტერორისტების მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება და ინტერნეტის გამოყენებით პირთა რადიკალიზაცია. ზემოაღნიშნული და სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეების გამოვლენისა და მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების დადგენა და მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა," - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, "ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს."

"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს. აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა გომელაურმა.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოში საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს, რაც მან საკუთარი გამოცდილებიდანაც იცის.

"ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ ვართ ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე, ან არ ვართ ამ კუთხით მათთვის საინტერესო, ეს არგუმენტი ვერ გამოდგება. მე შვიდი წელი ვიყავი საგარეო დაზვერვაში, ვიცი, რას აკეთებს ეს სტრუქტურა, გვქონდა საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სპეცსამსახურებთან, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვიცი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სათანადო ორგანოები დღე და ღამე მუშაობენ ტერორიზმთან ბრძოლაში.

"ჩვენთან სახელმწიფო სტრუქტურების ქება მაინცდამაინც პოპულარული არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, სადაც შესაქებია, ვთქვათ სათანადოდ ამის შესახებ, წავახალისოთ და სადაც გასაკრიტიკებელია, უნდა გავაკრიტიკოთ," - განაცხადა სალუქვაძემ.

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება მარტო დასავლელი პარტნიორების დახმარებით არ აიხსნება და რომ ბოლო წლებში გაზრდილია ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელთა გამოცდილება.

"ტერორიზმთან ბრძოლა უშიშროების სამსახურის პრეროგატივაა და თვითონაც განაცხადა ხელმძღვანელმა, რომ საკმაოდ ეფექტური შედეგებია ამასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ეს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გამოცდილებაც გაიზარდა ამასობაში. რაც უფრო გააქტიურდა "ისლამური სახელმწიფო", გაიზარდა ამ სამსახურის თანამშრომლების გამოცდილებაც, ცონდაც და, აქედან გამომდინარე მათი მუშაობის ეფექტურობა.

"ტერორიზმის საფრთხის აბსოლუტური თავიდან არიდება წარმოუდგენელია დღევანდელ სამყაროში იმიტომ, რომ ტერორისტები ერთი და იმავე მეთოდოლოგიით არ მუშაობენ. მაგრამ ზოგადი სურათი რომ აქვს უშიშროების სამსახურს და მეთოდოლოგიაც აქვს შემუშავებული, ეს მეც ვიცი და ვხედავ კიდეც,რომ უფრო ეფექტურადაც მუშაობენ," - აღნიშნა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×