ელზა პაპოშვილი
06.05.2019

 მკვლელობა სოფელ იყალთოში - 44 წლის გელა გერმანიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცის მკვლელობაში მისივე თანასოფლელია ეჭვმიტანილი და ის პოლიციამ უკვე დააკავა. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე სოფელ იყალთოსა და რუისპირის ახალგაზრდებს კამათი და დაპირისპირება ჰქონდათ.

ადგილზე გერმანიშვილი მივიდა, რომელიც მხარეების გაშველებას შეეცადა, მისივე თანასოფლელმა კი მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, მისი დაკავება სამართალდამცველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში შეძლეს. დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მცხოვრები ლია ბოტკოველი „რეზონანსთან" ყვება, რომ გარდაცვლილი მამაკაცი უკონფლიქტო და მშვიდი იყო. ის ჩხუბს შემთხვევით შეესწრო და თანასოფლელების გაშველება სცადა, რა დროსაც გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

„გარდაცვლილი ბეზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასასხმელად მისულა, როგორც თვითმხილველები ყვებიან, სოფელ რუისპირელებსა და იყალთოელებს შორის გარკვეული შელაპარაკება ყოფილა. საწყალი გარდაცვლილი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. ბენზინის ჩასასხმელად გაჩერებულა.

ხმაურზე კი სიტუაციის გასაგებად მივიდა რა ხდებოდა და ამ ჩხუბში, როგორც ყვებიან, თავად მისსავე თანასოფლელს უსვრია. გამშველებელს მოხვდა, არადა, ორივე გარდაცვლილიც და მკვლელობაშიც ეჭვმიტანილი საკმაოდ დადებით პიროვნებები არიან. მითუმეტეს ერთმანეთთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. ასაკშიც სხვაობაა, ეს არის შემთხვევითი ფაქტი და ასეთი უბედურება დატრიალდა", - აცხადებს ადგილობრივი ლია ბოტკოველი.

თელავის გადაუდებელი რეფერალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნინო ჩიტაძე აცხადებს, რომ ღამის საათებში 44 წლს მამაკაცი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით შეიყვანეს. ჭრილობა კრიტიკული და სიცოცხლისთვს შეუთავსებელი აღმოჩნდა. ის კლინიკაში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან ორ საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×