მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზის ძმას მოუწოდებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ბრალდება დაამტკიცოს
ელზა პაპოშვილი
06.05.2019

 რატომ არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - გადაწყვეტილების შეცვლაში დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საპატრიქროს და კერძოდ შორენა თეთრუაშვილის გავლენას ასახელებს. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩარევით საპატრიარქოში გადაწყვეტილება შეცვალეს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქციები კვლავ განაახლეს. "დაგვიბრუნეთ მამა... მამა გვენატრება... ნუ დაგვაობლებთ." - ვკითხულობთ დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების ლოზუნგებზე.

მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების სანაცვლოდ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს. მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქო წერილს ითხოვს, სადაც ცალსახად იქნება დაფიქსირებული, რომ მის საქმეში შორენა თეთრუაშვილს არანაირი როლი არ აქვს.

თორნიკე მამალაძის მტკიცებით, ამ მოთხოვნით საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავთან მასთან მამა ანდრია ჯაღმაიძე მივიდა და „შორენა თეთრუაშვილის მოთხოვნა გადასცა". ასევე მამა ჯაღმაიძემ დაურეკა დეკანოზის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს, რომელსაც სთხოვა, რომ საპატიმროში შესულიყო და მსგავსი სახის წერილის დაწერა დეკანოზისთვის მოეთხოვა.

„პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ, მან პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი.

"აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, მოხდება ჩემი ძმის შეწყალება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება.

"ასევე, საპატრიარქოს კარავთან ვიყავი, როცა ანდრია ჯაღმაიძე გამოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია, ყველაფერი გადაწყვეტილია, შეგიძლია კარავიც კი აიღო, მაგრამ ბურთი თქვენს მოედანზეა, როგორც გააგორებთ, ისე წავა საქმეო. თუ დაიწერება ეს წერილი, საპატრიარქო შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშიერებით ნაბიჯს გადადგამსო. ეს წერილი რომ ვერ მიიღეს, ყველამ დავინახეთ, რომ ნაბიჯი არ გადადგმულა", - აცხადებს მამალაძე.

მისივე თქმით, საპატრიარქოდან მასთან კომუნიკაციაზე მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოდის. დეკანოზის ძმა ამბობს, რომ ჯაღმაიძე შორენა თეთრუაშვილისგან არის გამოგზავნილი და მათ სურთ, რომ დეკანოზს წერილი დაეწერა. მამალაძე ამბობს, რომ იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ არაფერი არ სურთ.

„რეზონანსი" თორნიკე მამალაძის ბრალდების გადასამოწმებლად საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. იგი აცხადებს, რომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით მან არაერთი სატელევიზიო თუ საგაზეთო განცხადებები გააკეთა და პოზიცია არც შეუცვლია. შესაბამისად, ის არ აპირებს, რომ თორნიკე მამალაძის ყველა ბრალდებას უპასუხოს და მას მსგავს პოლემიკაში აჰყვეს. მამა ანდრია მოითხოვს, მამალაძემ რაიმე ფორმით დაამტკიცოს, რომ მას მსგავის მოთხოვნა ან წინადადება ჰქონდა.

„ჩემი კომუნიკაცია და ურთიერთობა თორნიკე მამალაძესთან და მის ოჯახთან არასდროს იმ ურთიერთობას არ გასცდენია, რაც საპატრიაქროს საჯაროდ გაუკეთებია. ასევე ყოველთვის ხმამაღლა არაერთ სატაელევიზიო კომენტარისას მისაუბრია ღიად დეკანოზის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ თორნიკეს რამდენჯერაც რაღაცის თქმა მოუნდება, იმდენჯერ ვერ გამოვალ და კომენტარს ვერ გავაკეთებ. ველაპარაკებოდი თორნიკეს და ამის შესახებ ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და საჯარო ინფორმაცია იყო.

"ყველგან მაქვს ახსნილი დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით მის ოჯახთან რა ტიპის დიალოგი იყო და აღარ შემიძლია ამდენი ახსნა-განმარტებების გაკეთება. ხომ არ შეიძლება ასჯერ ერთი და იგივე ვისაუბრო. მოსთხოვეთ აბა, ერთხელ მაინც დაასაბუთოს რასაც ამბობს. ამ ორი წლის მანძილზე რაღაცეებს ლაპარაკობს და ერთხელ მაინც დაასაბუთოს რამით, რომ სიმართლეს ამბობს", - აცხადებს მამა ანდრია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×