თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის, Payme-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, "თიბისი" 50%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
ამის თაობაზე დღეს, თიბისის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე და Payme-ის დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ.
ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. თიბისი ამჟამად უზბეკეთში ავითარებს ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით.
ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, განხორციელებული ტრანზაქცია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
"უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა. Payme-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოების მიმართულებით. ამით ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილიონამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. Payme-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოებასა და ზაყმე-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ Payme-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის გიორგი შაგიძის ინფორმაციით,
ბანკი Payme-ს 51%-ში 5.5 მილიონ დოლარსს ნაღდი ანგარიშსწორებით, ბანკის საკუთარი სახსრებით გადაიხდის.
"ტრანზაქცია თიბისის საერთაშორისო სტრატეგიის ფარგლებშია, რომ გააფართოვოს რეგიონალური ოპერაციები. უზბეკეთი კი ამ მიმართულებით, ძალიან მიმზიდველი ბაზარია. ტრანზაქცია სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის დაიხურება. ბანკის სტრატეგიაა, განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რის საფუძველზეც ვავითარებთ სისტემებს სხვადასხვა მიმართულებით, ამ ეტაპზე კი შევდივართ 10-ჯერ დიდ ბაზარზე, ვიდრე არის საქართველოში და ამავდროულად მნიშვნელოვნად ვავითარებთ ეკოსისტემებს. ვცდილობთ, უფრო ხელშესახები გავხადოთ მომსახურება საქართველოსა და იმ ქვეყნებში, სადაც ვოპერირებთ. ამჟერად გვაქვს სტრატეგია, რომ უზბეკეთში შევიდეთ ციფრული ბანკის მეშვეობით. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმა, როგორიცაა ზფნქუ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელთა არეალი საგრძნობლად გაიზრდება", - განაცხადა გიორგი შაგიძემ.
თავის მხრივ, Payme-ს მმართველმა დამფუძნებელმა, სარვარ რუზმატოვმა განაცხადა, რომ მოხარულია რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით.
"მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება აქვს უზბეკეთთან მიმართებით. ჩვენ შევარჩიეთ თიბისი, როგორც მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რადგან მდგრადი განვითარების საშუალებებს ვეძებდით. თიბისი ბანკი ავირჩიეთ ასევე კულტურული თავსებადობიდან გამომდინარეც, ეს არის ტექნოლოგიური მიღწევები და ხედვა განსხვავებული რაკურსით, რამაც ჩვენი პარტნიორობა განსაზღვრა. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს. ერთობლივად შევძლებთ, რომ ტექნოლოგიები განვავითაროთ არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც და ბაზარზე მაღალ პოზიტიურ შედეგს ვაჩვენებთ."
Payme უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს.
Payme ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.
ამ ტრანზაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი - Baker@Mckenzie LLP ხოლო CentiLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.
(ბიზნესპრესი)