საქართველოს ელექტროენერგიისა და გაზის კატასტროფული დეფიციტი ემუქრება. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა დენთან დაკავშირებით, რადგან უკვე არის დეფიციტი და მოხმარება საგრძნობლად უსწრებს წარმოებას. თითქმის იგივე მდგომარეობაა გაზის მიმართულებით და დადგა მომენტი, როცა ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირის მიღება დასჭირდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში, საშუალოდ, 5%-ით გაიზარდა, 2018 წელს კი ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, თითქმის 8% შეადგინა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა ამბობს, რომ გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და იმპორტი იზრდება.
"გაზრდილ მოხმარებას რაღაცით უნდა უპასუხო. გენერაციის მხარეს თუ შევხედავთ, 7 გენერაციის ობიექტი შევიდა ექსპლოატაციაში. ჯამური სიმძლავრე არის 65 მეგავატი და, ზოგადად, გენერაციაში ზრდა გვაქვს 2%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების დაკმაყოფილება. 2016 წელთან შედარებით, იმპორტი სამჯერ გაიზარდა, რაც ძალიან სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ ასე გაგრძელება არაფრით არ შეიძლება," - აღნიშნა მილორავამ.
რაც შეეხება გაზს, წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" რუსეთიდან 6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა.
აუქციონი 17 აპრილს ჩატარდა, რომელზეც 17 ლოტად სარეალიზაციოდ იყო გამოტანილი ბუნებრივი გაზის სხვადასხვა მოცულობა.
"აუქციონი ჩატარდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილე 16 კომპანიიდან რვა გამარჯვებული გამოვლინდა. აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზი მთელი მოცულობით გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ღია აუქციონი არ შეეხო ე.წ. სოციალურ გაზს, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს, რომლებიც საქართველოს ელექტროსისტემას ელექტროენერგიას აწვდიან. სოციალურ სექტორში საცალო მომხმარებელი გაზს წინასწარ განსაზღვრული ტარიფით იღებს," - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ დენის მოხმარება დიდწილად ციფრული ვალუტის გამომუშავების პროცესს უკავშირდება, რაზეც უკვე ირინა მილორავაც საუბრობს.
"წინა წლებში, როცა მაინინგის თემა საერთოდ არ იყო აქტუალური, მაშინაც მაღალი იყო ელექტროენერგიის მოხმარება, 5% იყო ზრდა. ახლა 8%-იანი მატება გვაქვს. მოდით, ვთქვათ, რომ ეს 3% არის მაინინგის გამოისობით, თუმცა დადასტურებულად ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ კრიპტოვალუტის მაინინგამდე ვიცოდით, რომ 5%-იანი ზრდა გვქონდა ელექტროენერგეტიკულ სექტორში," - განაცხადა მილორავამ.
თუმცა, როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, პრობლემაა არა მხოლოდ დეფიციტის ზრდა, არამედ ელექტროენერგიის ფასიც, რომელიც არ არის სტაბილური და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაძვირდეს.
ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ბაზრის დივერსიფიცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსული გაზის იმპორტი უნდა გაიზარდოს, რაც შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია.
"არ შეიძლება, თავიდან ბოლომდე ერთ მომწოდებელზე ვიყოთ დამოკიდებული. აუცილებელია რუსული გაზის შემოტანა, ხარისხიანია და ამავდროულად იაფი, ამიტომ ბაზრის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს. არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ აზერბაიჯანზე დამოკიდებული. როცა ჩვენ ტრანზიტით ვიღებდით გაზს, დეფიციტი არასდროს შეგვქმნია. ამჟამად ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. ამასობაში ფასიც გაზრდილია, რაც იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ენერგეტიკაში ატარებს," - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭიჭინაძე.
ენერგეტიკოსიც ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტის გამომუშავებას მიაქვს და ეს სიტუაცია კატასტროფამდე მიგვიყვანს, თუ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს.
"ციფრული ვალუტის მაინინგს და აფხაზეთს მიაქვს მთელი ენერგორესურსი, რამაც ასეთ დღეში ჩაგვაგდო. მით უმეტეს, ოკუპირებულ რეგიონს უფასოდ მიაქვს დენი იმაზე მეტი კვოტით, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ამით ხელს ვუწყობთ და ვინახავთ რუსულ ბაზებს, რომლებიც აფხაზეთშია განთავსებული. კარგს ვერაფერს ვხედავთ, გველოდება დეფიციტი არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენს საყოფაცხოვრებო სექტორში დენის მოხმარება მატულობს, გაუგებარი მიმართულებით იფლანგება რესურსი და ამ გაუგებრობას წერტილი უნდა დაესვას. პოლიტიკაა საჭირო, რომელიც ქვეყნის და არა კერძო პირის ინტერესებს მოემსახურება," - აცხადებს ჭიჭინაძე.
ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდაზე საუბრობს ენერგეტიკოსი რევაზ არველაძეც, რომლის აზრით, ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტი ქვეყანას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
"არ მაქვს ოპტიმისტური განწყობა, რომ ენერგეტიკული დარგი განვითარდება და წინ წავა საქმე. ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მოხმარებას საგრძნობლად ჩამორჩება. არ იხატება ისეთი პერსპექტივა, რომ ვითარება შეიცვალოს. დღეს ჰესების მშენებლობის პროცესი თითქმის არ მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობის პროტესტს ვაბრალებთ. სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულად მართული პროცესია და მხოლოდ ხალხს ვერ დავაბრალებთ. სანამ დროა, 1-2 თბოელექტროსადგური მაინც უნდა ავაშენოთ, მაგალითად, ქსანსა და ზესტაფონში, მაგრამ ესეც ვერ ხერხდება.
ელექტროენერგიის დეფიციტი ზოგიერთი ქვეყნისთვის შეიძლება 80% იყოს, მაგრამ საგანგაშო ვითარებად არ ჩაითვალოს. ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. დენს ძირითადად აზერბაიჯანიდან ვიღებთ, მცირე მოცულობით - რუსეთიდანაც. საკუთარ ენერგეტიკულ რესურსზე დამყარებული ბაზა უნდა გვქონდეს, რათა ენერგეტიკული უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყოს. აქ არ არის ლაპარაკი, რომ დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ჰიდროპოტენციალი, რომ მთლიანად საქართველოს მოთხოვნა დავაბალანსოთ," - ამბობს არველაძე და დასძენს, რომ დეფიციტის შესამცირებლად ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ნაწილობრივ - მზის ენერგიაც, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
"უკვე ლაპარაკიც არ არის, მსხვილ ჰესებს ვერ ავაშენებთ და არც პერსპექტივაში აისახება, მაგრამ რატომღაც მცირე ჰესების მშენებლობის პროცესსაც უპირისპირდებიან. სტაბილურად თუ მოგვაწოდებენ ელექტროენერგიას, დეფიციტი რა მაჩვენებელზეც უნდა იყოს, პრობლემა არ იქნება. გააჩნია ფასსაც. ჯერჯერობით შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება კატასტროფული არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდა ნაკლებადაა. ყველა ღონეს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ სიტუაცია დაბალანსდეს. ამისთვის ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ნაწილობრივ - მზის ენერგიაც, მაგრამ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს და პერსპექტივაში არც იმპორტი ჩანს სტაბილური," - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" არველაძემ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 23%-ით გაიზარდა და 208.869 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
ესკო-ს ინფორმაციით, გასულ თვეს საქართველო იმპორტირებული ენერგიით რუსეთიდან (64.778 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (144.091 მლნ კვტ.სთ) მარაგდებოდა.
გაზის შემთხვევაში, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 2019 წლის აპრილში საქართველოს კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 90 პროცენტი, ხოლო მთლიანი მოხმარების 97 პროცენტი იყო აზერბაიჯანული.
საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის ახალი ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი.