თამარ შუკვანი
07.05.2019

 „რატომ იყო დასაცავი, არ მესმის. ასეთ შემთხვევაში გუნდს რა უნდა ეთქვა? არაფერი ჰქონდა დასაცავი. მოვიდა, დაინიშნა. მერე რაღაც საქმეები ჰქონდა, წავიდა. ჩამოვიდა და შეუდგა მუშაობას. არ მგონია, რომ ეს ობიექტური იყოს. შეიძლება სხვა რამე იმალება და ეს უნდა თქვას. ნახევრად თქმა არავითარი შედეგის მომტანი არ არის-ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს.

მისი თქმით, თუკი ქობულიასთვის რაიმე კონკრეტული საკითხი მიუღებელია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს, ან პარლამენტში ანგარიშით წარსდგეს.

„თუ მას რაღაც კონკრეტული აქვს, შეუძლია სასამართლოში შეიტანოს, თუკი მიიჩნია, რომ მასთან მიმართებაში დარღვევები არსებობდა; ან მოვიდეს პარლამენტში და ანგარიში წარადგინოს. ეს კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს," - აღნიშნა ქანთარიამ.

ცნობისათვის, „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მისვლას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქობულიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებით სერიოზული შეკითხვები გააჩინა და აუცილებელია მათზე საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს.

რამდენად რეალურია, რომ ქობულიას პარლამენტში მისვლით, იმ კითხვებს პასუხი გაეცეს, რაც ბოლო დროს მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, ქანთარია მიიჩნევს, რომ ყოფილი მინისტრის პარლამენტში მისვლა კონკრეული შედეგის მომტანი არ იქნება.

„რომც მოვიდეს, მე ვერ დავესწრები, უამრავი სხვა საკითხია. შეიძლება ეს ოპოზიციისთვის იყოს ხელზე დასახვევად - უფრო მათ უნდათ, რომ მივიდეს. ეს რეალური და პრაქტიკული შედეგის მომტანი ვერ იქნება," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ამ საკითხზე განცხადება ახლახანს გააკეთა, სადაც ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მასსა და მმართველ გუნდს შორის.

მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამასთანავე აღნიშნავს, რომ მას პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვდნენ, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ვითარების შეცვლის იმედი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×