თამარ შუკვანი
07.05.2019

 „ეს საქმე უკვე გასაჩივრებულია ევროსასამართლოში და გასაჩივრება აღარ დასჭირდება - უბრალოდ, იმ ძველ განაცხადს ამას მიამატებენ, როგორც მნიშვნელოვან საქმეს. ევროსასამართლო მედიის თავისუფლებას როგორც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს, ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ამიტომ, ეს საქმე „რუსთავი 2"-ის გამარჯვებით დასრულდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, სანამ ევროსასამართლო ამ საქმეზე უშუალოდ რეაგირებას მოახდენს, მანამდე ტელეკომპანიას შესაძლოა ანგარიშები დაუყადაღონ.

„ამ პროცესში მხარეებს შორის შესაძლოა გარიგება ან მორიგება შედგეს. მათაც ესმით, რომ ეს საქმე ასე შეიძლება ვერ მოიგონ, მაგრამ ან დროს მოიგებენ, ან გარიგება მოხდება, რადგან „რუსთავი 2"-ს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება - მას ანგარიშებს დაუყადაღებენ. სანამ ევროსასამართლო ამაზე რეაგირებას მოახდენს, დრო გავა," - აღნიშნვს მეხაშავრია.

ცნობისათვის, 6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნების" ახალი გეგმაა.

ტელეკომპანიის 10%-ს მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას - ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას განცხადებით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს, მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოსარჩელემ საქმე მოიგოს? ლია მუხაშავრია ამას შესაძლებელ მოვლენად მიიჩნევს.

„ქართულ სასამართლოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია და ამიტომ ატყდა ეს ალიაქოთი „რუსთავი 2"-ის მხრიდან. ჩვენი სასამართლო, მოგეხსენებათ, როგორი „დამოუკიდებელიც" არის," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×