თუთუნის გაძვირება გადაწყვეტილია. შესაბამისი ინიციატივა, ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, უკვე მომზადებულია. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ფასის მატების შემდეგ, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული ცვლილება, როგორც ჩანს, მალე ამოქმედდება და შედეგად მწეველებს ის ერთადერთი პროდუქტიც გაუძვირდებათ, რომლითაც ბრენდული სიგარეტი ჩაანაცვლეს.
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ფასის ზრდისა და თამბაქოზე ადვალური გადასახადის დაწესების შემდეგ, მთავრობა დასაჭრელი თუთუნის გაძვირებასაც გეგმავს. ფაქტს ბიზნესობუდსმენი ადასტურებს და ამბობს, რომ ამით ეს მიმართულებაც კონტროლირებადი გახდება.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას იმ მიმართულებით, რომ ეს ნაწილიც იქნას კონტროლირებული.
გვაქვს ინფორმაცია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისგან, რომ მათი რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სადღაც 30-40%-ის ფარგლებში. ეს არის იმ რეგულაციების შედეგად, რომელიც ქვეყანაშია. კლების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ დაუბეგრავი, დასაჭრელი თუთუნის მოხმარების გარკვეული ზრდა. დამუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას და ესეც იქნება კონტროლირებული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ექსპერტები მორიგმა ჩარევამ აღაშფოთა. "სამარცხვინო ინიციატივა", - ასე აფასებს "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ინიციატივას, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
"იმის ნაცვლად, რომ იყოს შეღავათები, ყველა სახის თამბაქოზე ზრდიან ფასს. ეს არის სამარცხვინო ინიციატივა, ისევე როგორც თავად მიზანი, ყველა ტიპის თამბაქოს ნაწარმის ღირებულება გაზარდონ. ბიზნესომბუდსმენის მთავარი საზრუნავი ბიზნესის დაცვა უნდა იყოს და არა - ყველას ერთნაირად დაწნეხვა", - აცხადებს "რეზონანსთან" პაატა შეშელიძე.
"თუ სხვა ყველა სახის თამბაქოსა და მის ნაწარმზე იზრდება ფასი, მაშინ დასაჭრელ თუთუნზეც უნდა გაიზარდოს, რათა არ წახალისდეს დაბალი ხარისხის პროდუქტის მოხმარება", - ასეთია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია.
"ეს ნამდვილად იყო მოსალოდნელი და საჭიროც. ამ ინიციატივის ავკარგიანობას აქვს ორი მხარე: თუ ჩვენ საკითხს ვუყურებთ იმ მიმართულებით, რომ ფასის გაზრდის ტენდენცია მოხმარების შემცირებისთვის კეთდება, მაშინ ცალსახად პოზიტიური ნაბიჯი უნდა იყოს, მით უფრო იმ ფონზე, როცა მომხმარებელმა, ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ, უფლიტროს მოხმარება დაიწყო. ამ უკნასკნელმა, გაძვირების მერე, საერთოდაც დაბალხარისხიანი თუთუნი აირჩია, ამიტომ სამომავლოდ არ უნდა წახალისდეს დაბალხარიხსინი პროდუქტის მოხმარება;
აქვე არსებობს მეორე მხარეც, რომ ამით არალეგალურ ბიზნესსა და უკონტროლო ბაზარს მნიშვნელოვანი გასაქანი ეძლევა. ისედაც ვხედავთ, თუ რამდენად გაიზარდა კორუფციული რისკი მას შემდეგ, რაც აქციზმა იმატა საქართველოში, მეზობელ ქვეყნებში კი ფასი უცვლელია.
არა ამ კონკრეტული სახის თამბაქოს ნაწარმზე, არამედ ზოგად ტენდენციაზე უნდა ისმოდეს კითხვები, რამდენად სწორია და არის თუ არა ჩვენი ქვეყანა ტოტალური გაძვირებისთვის მზად", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.
2018 წელს საქართველოში 202 943 900 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმია (სიგარეტი, სიგარა და სხვა) შემოტანილი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (113 390 900 აშშ დოლარი).
2018 წელს საქართველოდან გატანილია 160 567 700 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რაც თითქმის 3,5-ჯერ მეტია 2017 წლის ექსპორტთან შედარებით (47 033 200 აშშ დოლარი).
თუ იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლებს შევადარებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოდან ძირითადად იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი გადის, გამოდის, რომ 2017 წელს უშუალოდ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 66 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი დარჩა, ხოლო 2018 წელს - გაცილებით ნაკლები, 42 მილიონი აშშ დოლარის.