ტერორისტული აქტის მომზადება და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვა - სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე აფეთქებას აპირებდა. უწყების ინფორმაციით, ის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილთან ერთად ამ გეგმას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე აპირებდა. ამის დასტურად სუს-ი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩეჩნურ ენაზე ძმისშვილს არიგებს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა დაადგინოს სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის გადაადგილებისა და სასაფლაოზე მისვლის მარშრუტი. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერი 23 მარტსაა გაკეთებული.
უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ კანონის დადგენილ ფარგლებში იმოქმედებენ, ხოლო ეს ჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი და ის რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინაა ჩაწერილი.
ასევე დაკითხვაზე დაბარებულია მაჩალიკაშვილის კიდევ ერთი ნათესავი მარგოშვილი. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც გამოიკვეთონ. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.
"რეზონანსი" მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მსგავსი სახის საუბარი მას თავის ძმისშვილთან არ ჰქონია და ეს ფაბრიკაციაა. მისი განცხადებით, მან საერთოდ არ იცის, სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. ის დაკავებას არ ელოდება და ამბობს, რომ თუ ეს სურთ, მაშინ ამდენი ხანია, რუსთაველზე კარავში იმყოფება და დააკავებდნენ.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
"მსგავსი სახის საუბარი ჩემს ძმისშვილთან საერთოდ არ მქონია და ეს ყველაფერი მხოლოდ ფაბრიკაციაა. ესაა დამონტაჟებული ტექსტი და სრული აბსურდი. წარმოდგენა არ მაქვს, სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. არ ველოდები, რომ დამაკავებენ. თუ უნდოდათ, ამდენი ხანი დამიჭერდნენ. დაკითხვაზე საკუთარი ნებით არ მივალ, ერთი და იმავეს ლაპარაკი მომბეზრდა", - აცხადებს მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან".
უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.
მაჩალიკაშვილი ძმისშვილს დირექტივებს აძლევს, რომ გაიგოს, სად არის გოგაშვილი, სად დადის, სად ცხოვრობს და საერთოდ, ყველა მისი გადაადგილება აკონტროლოს. ასევე წავიდეს სოფელ ზემო მაჩხაანში და გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა გაარკვიოს. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, რომ ეჭვი ვერავინ ვერაფერზე აიღოს. ჩანაწერში საუბარი ჩეჩნურად მიმდინარეობს.
"გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია. არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენ იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე", - ისმის აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა.
ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. ადვოკატის თქმით, საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული და მას მიეწოდა მწირი ინფორმაცია. კუბლაშვილი ამბობს, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.
"მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, ვისაუბრო საქმის სხვა დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი, არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა, დააკავონ, ძალიან ადრეა. მე არ მინახავს, არ მომისმენია ჩანაწერები, რომლებზეც საუბრობთ. მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და, რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არ აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან, ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს.
"რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას, დღეს ფაქტია, რომ ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან გამომდინარე, რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. მას საშუალება არ აქვს ამისი, არ აქვს უფლება, რომ მიიღოს მედიკამენტი. ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობის ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი.
"ეს არის ძალიან ემოციური მისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლდათ, თუ რატომ ჩვენ არ წარმოვადგინეთ იგი მოწმის სახით დღეს. თუმცაღა მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი შუამდგომლობა დავტოვეთ. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა, რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა, ეს მოხდეს", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალეულობისა პანკისში არ სჯერათ და "რეზონანსთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რაც პანკისში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ესაა იმ შვილმკვდარი მამის დაცინვა, რომელიც უკვე ორი წელია, სამართალს ეძებს და მას ბრალს აქეთ უყენებენ. მისი თქმით, ეს არის თემირლანის მკვლელობის გადაფარვის მცდელობა, რათა მაჩალიკაშვილი გააჩუმონ.
"ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. დაუჯერებელია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, როდესაც თავად იბრძვის საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის. ეს ხომ ამაზრზენია, ადამიანს დააბრალო ის, რის დამტკიცებასაც ამდენი ხანია, ცდილობს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას გააგებინონ, რისთვის მოკლეს თემირლანი და აღიარონ, რომ ბავშვი ტყულად გაწირეს, აქეთ დაზარალებულ და გაუბედურებულ მამას იჭერენ?!
"ეს ყველაფერი პანკისში შექმნილ ისედაც დაძაბულ სიტუაციაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. როგორ შეიძლება, ადამიანმა იცის, რომ უსმენენ, უთვალთვალებენ და მან ასე გულუბრყვილოდ საბაბი მისცეს", - აცხადებს მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან".
პანკისის უხუცესი ხასო ხანგოშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ გამწარებული მამის სიტყვები მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. მისი აზრით, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის მცდელობა, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა, თითქოს როგორც თემირლანი, ასევე მამამისი ტერორისტები არიან.
უხუცესი ამბობს, რომ ვინც მაჩალიკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ის ამას არასდროს იკადრებდა. ასევე მათ ადათ-წესში მსგავსი რამ არ მოდის და ეს წამოდგენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
"იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადონ და დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, აქეთ დაზარალებულ ადამიანს იჭერენ? ვინც მაჩალიკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, ეს ადამიანი რისი გამკეთებელია. არ მჯერა ამ ჩანაწერების ავთენტიკურობის და არც იმის, რომ ის ასეთი გულუბრყვილოა და ამის გაკეთებას ასე ღიად აპირებდა, როცა იცის, რომ ყველა მას უთვალთვალებს.
"აღარ დაგვასვენეს და თავი არ დაგვანებეს. მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ხეობაში სიტუაციას დაძაბავს. არ ვიცი, რას ფიქრობენ და რისი მიღწევა სურთ. ეს რომ კარგს არაფერს მოგვიტანს, ფაქტია", - აცხადებს ხასო ხანგოშვილი "რეზონანსთან".