„რუსთავი 2"-ის გარშემო ახალი სასამართლო დავის დაწყებას "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აფასებს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ მოსარჩელე ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლის, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის უკან ის არ დგას.
მისი აზრით, ხელისუფლებამ ბოლო დროს საქმე ისე გაიხადა, რომ მართალი რომც იყოს, მისი აღარავის სჯერა. ანალიტიკოსის თქმით, თუ დამტკიცდა და ნათლად გამოკვეთა, რომ ამ სამის უკან ხელისუფლება დგას, არ არის გამორიცხული, რომ ეს მთავრობა ამ არჩევნებზე საერთოდ გადაიყოლოს.
„რეზონანსი": „რუსთავი 2"-ის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხედავთ თუ არა პოლიტიკურ კონტექსტს?
გია ხუხაშვილი: მართალია, უკვე კეთდება განცხადებები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი შეიმჩნევა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ქალბატონის და მესაკუთრის პირადი ინიციატივა არ არის. მგონია, რომ მსვლელობის დროს თანდათან ყველაფერი გამოჩნდება. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლოს მიმართ ბოლო დროს ნდობა იმდნად შემცირდა, რომ ყველას აქვს ლეგიტიმური უფლება მის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვას.
ხელისუფლების უგუნურობამ და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკამ ამ დონემდე მიგვიყავანა, რომ ეს კერძო დავაც რომ იყოს, საზოგადოებას მაინც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეჭვი დაიტოვოს. რადიკალური განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგანაც საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაციაა საჭირო.
„რ": თუმცა, ალბათ ეჭვის საფძველს ამ საქმეში ხელისუფლების ჩართულობასთან დაკავშირებით ის მოსამართლეც აჩენს, რომელმაც ეს დავა უნდა განიხილოს. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, რომელმაც ტელეკომპანია „მაესტროზე" გადაწყვეტილება მიიღო...
გ.ხ: მოსმართლეთა კორპუსი მთლიანად დისკრედიტირებულია. მითუმეტეს ამ მოსამართლეს ერთი ტელეკომპანიის საქმეზე საეჭვო და სადავო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „რუსთავი 2"-ის საქმემ მთლიანად სახელმწიფოს იმხელა ზიანი მიაყენა უკვე, რომ კიდევ დამატებით შეცდომა ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ არ დასრულდება.
„რ": როგორც „რუსთავი 2"-ის იურისტები ამბობენ, ეს საქმეც სტრასბურგში წავა. როგორ იმოქმედებს ხელისუფლების და სახელმწიფოს რეპუტაციაზე, როდესაც ამ სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე შემაკავებელი ორდერი უკვე გამოწერილი აქვს?
გ.ხ: რა თქმა უნდა, რომ დასავლეთში ეს საქმე კიდევ უფრო მეტ კითხვებს და პრეტენზიებს გააჩენს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია და მისი სარედაქციო პოლიტიკა, დემოკრატიული ფასადის თუნდაც შესანარჩუნებლად მისი არსებობა აუცილებელია.
ამიტომაც, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პროცესებისთვის ეს ტელეკომპანია შესაძლოა ცენტრალური თემა გახდეს და ხელისუფლებას არც თუ მცირე პრობლემები შეუქმნას. შეიძელება ვიღაცას ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის გარკვეული სახის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ როდესაც არსებობს „იმედის" სახით სახელისუფლებო პროპაგანდა, ბუნებრივია ეს უკუქმედებას იღებს და საზოგადოება ამის საპასუხო ტელევიზიას ითხოვს.
პასუხისმგებელი „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ოპოზიცია კი არ არის, არამედ ხელისუფლებაა, რომელმაც თავისი პროპაგანდისტული ისტრუმენტი შექმნა, რომლითაც უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კონტრზომებს იღებს და ეს ტელევვიზია ამის პროდუქტია. რომ არა „იმედის" სახით ხელისუფლების პროპაგანდა, შესაძლოა „რუსთვი 2"-იც თავშეკავებული ყოფილიყო.
„რ": როგორ უნდა დაამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ამ ყველაფრის უკან ის არ დგას. გვარამიამ შესთავაზა ნინო ნიჟარაძეს, თუ ხელისუფლებისგან მართული არ არის, დავა საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელონ...
გ.ხ: ხელისუფლებამ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ ოპონენეტს სრულ ლეგიტიმურ უფლებას აძლევს, საქმის ირგვლივ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრონ. ხელისუფლება თუ ასეთ საკითხებში არაფერ შუაშია, მაშინ სასამართლო სისტემის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა აეტეხა და მართლაც გაეთავისუფებინა ეს ინსტიტუტი საკუთარი გავლენებისგან.
„რ": თუ კი ნიკა გვარამიას ტელეკომპანიიდან ჩამოშორება მოხდება, რა იქნება პოლიტიკური ფასი, რომელსაც ხელისუფლება გადაიხდის?
გ.ხ: მე არ მესმის როგორდ უნდა მოხდეს გვარამიას ჩამოშორება. ეს თავად ხელისუფლების გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მენეჯმენტში ჩაერევა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. მე არ მესმის ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს. მითუმეტეს არჩევნები მოდის და ეს თემა ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, შესაძლოა „რუსთავი 2"-ის საქმემ საერთოდ გადაიყოლოს.