მმართველმა გუნდმა რომ შეიძლება კორექტირება შეიტანოს საარჩევნო გეგმებში და შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში დასაშვებად მიიჩნევენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებისთვის შედეგის მომტანი იყოს.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, არჩევნების გადმოტანის მცდელობა შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან "ოცნების" რეიტინგი ეცემა, საზოგადოებაში კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამუკიდებულება იზრდება.
"ვადამდელი არჩევნები, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კარგი არ არის, მითუმეტეს დაძაბული პოლიტიკური ფონის პირობებში. თუმცა, ხელისუფლების ამ გათვლას შეიძლება მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდეს, ანუ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ვერ მოასწრებს გაერთიანებას და გაერთიანებული ძალებით არჩევნებში წარმატების მიღწევას.
"მაგრამ, არა მგონია, რომ არჩევნების გადმოტანის მცდელობას რაიმე შედეგი მოჰყვეს, რადგან "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, საზოგადოებაში კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოუკიდებულება მწიფდება.
"ამიტომ, სჯობს სიმართლეს თვალი გაუსწორონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ, ისედაც ბევრი დრო არ არის დარჩენილი. გაანალიზონ ის ხარვეზები, რომელიც გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და გაითვლისწინონ საერთაშორისო დამკვირვებელებისგან მიიღებული შენიშვნები.
"რაც შეეხება ოპოზიციას, არჩევნების გადმოტანა მათთვის მოულოდნელობა იქნება, თუმცა, იძულებელი იქნებიან გადაეწყონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ გეგმაზე" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ხალხის ნდობა დაკარგა და ამისთვის საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ძალთა ბალანსს შეცვლის.
"ოცნების" დაშლა დიდი ხანია დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილი შეშფოთებული უნდა იყოს და დაფიქრდეს, რომ ის მლიქვნელები, რომლებიც დარჩა, მას ვეღარ დაიცავენ.
"მთავრობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი, მხედვლობაში მაქვს ეკონომიკის მინისტრის განთავისუფლება, უმრავლესობის დეპუტატები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რა ხდება? რატომ ატოვებინებენ საპარლამენტო რესპულიკაში, სადაც მინისტრებს პარლამენტი ამტკიცებს, თანამდებობებს ისე, რომ დეპუტეტებს არაფერს ეკითხებიან.
"მაგრამ, ყველამ იცის, რომ დიდი ხანია მათ უკვე არავინ არაფერს ეკითხება და პარლამენტში მხოლოდ ღილაკის დასაჭერად არიან.
ერთი პროტესტი მაინც თუ გამოუთქვამთ, ქობულიას პარლამენტში მოწვევაც ოპოზიციის მოთხოვნაა.
"ეს ტარდიციაც უნდა დაირღვეს, მინისტრები ასე მორჩილად არ უნდა მიდიოდნენ, მათ ანგარიში უნდა ჩააბარონ პარლამენტს გაწეული საქმიანობის შესახებ, იმაზეც, რატომ ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, რა იყო ხელისშემშლელი მიზეზები, ახლა მხოლოდ ორი ადამიანის წინაშე, რომ არიან პასუხისმგებლები. როგორ იმართება ქვეყანა და როგორ არის დღეს ბიზნესი მოწყობლი ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს სქემა ყველამ იცის და ამის ახსნა ქობულიას ნამდვილად არ დასჭირდება, კარგი იქნება, თუ გვარებს დაასახელებს.
"მაშინ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია და იმ მინისტრების წასვლის მიზეზსაც გავიგებთ, ვინც თანამდებობა უკვე დატოვა.
თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ვეღარაფერი ვეღარ უშველის, ვერც სამთავრობო ცვლილებები და ვერც ახალი პროგრამები, რადგან "ოცნებამ" ხალხის ნდობა დაკარგა.
"ამიტომ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში შეცვლის ძალთა ბალანსს. ხელისუფლებას ურჩევნია არჩევნების გზით წავიდეს, რევოლუციით წასვლას" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.