„თუკი საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა მასში მონაწილეობა მიიღოს, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იქნება“
თამარ შუკვანი
08.05.2019

 „სამხრეთიდან სიტუაცია თუკი იმდენად დაიძაბა, რომ საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა გვერდზე გადგომა არ მოინდომოს, პირიქით, მასში მონაწილეობის მიღება ისურვოს, - საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი დარტყმაც მოსალოდნელია.

"თეორიულად ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია," - აცხადებს „რეზონანსთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბოლო პერიოდში აშშ-სა და ირანის გამწვავებული ურთიერთობის შესახებ საუბრისას.

აშშ-სა და ირანის ურთიერთობა უფრო მეტად იძაბება - ირანი ყველა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები თავიდან აიცილოს, - ამისათვის მუქარასაც არ იშურებს.

ირანმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით 2015 წელს საერთაშორისო საზოგადოებასთან მიღწეული შეთანხმების ცალკეული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა და შესაბამისად, არსებულ შეთანხმებაში საკუთარი ვალდებულებების შემცირებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, თუ რომელი ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს, ჯერ არ არის ცნობილი.

ირანს 2015 წელს მიღწეული შეთანხმების სრულად გაუქმება არ სურს და ამის ნაცვლად, დოკუმენტში არსებულ გარკვეულ პუნქტებს გააუქმებენ, რაზე პასუხისმგებლობაც ხელმოწერის დროს ნებაყოფლობით აიღეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დოკუმენტის სხვა ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თეირანზე სანქციებით ზემოქმედების შეჩერება ვერ მოახერხეს.

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანს აშშ-ს სანქციებისგან არ დაიცავენ, მისი ქვეყანა ურანის მაღალ დონეზე გამდიდრებას განაახლებს. ირანის პრეზიდენტის ეს მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით 8 მაისს გადაიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების წლისთავზე. როგორც ვიცით, აშშ-მა საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულება დატოვა.

მენაღარიშვილის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის დღეს არსებული ვითარება, საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

„ამ შემთხვევაში, საქართველოს როლი განისაზღვრება იმით, თუ რას მოითხოვს შექმნილი მდგომარეობა. სრულიად ბუნებრივია, რომ ეს მთელი რეგიონისთვის სახიფათო განვითარებაა, რაც შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებიდან გაჩნდეს.

„ეს სერიოზული დარტმა იქნება სტაბილურობაზე, - ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, - რეგიონის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ა.შ. ამოცანა არის ის, რომ ყველამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პრობლემა საომარი მეთოდების გარეშე მოგვარდეს," - აღნიშნა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და სანაცვლოდ ერაყს ესტუმრა. „ბიბისი" იუწყება, რომ პომპეოს დედაქალაქ ბაღდადში ვიზიტი ოთხ საათს გაგრძელდა. იგი ერაყელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა და განხილვის მთავარ თემას ბოლო პერიოდში ირანთან გამწვავებული ურთიერთობა იყო.

ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი დიპლომატიური ვიზიტის უბრალოდ გაუქმება არ ხდება, თუკი ამის აუცილებელი და მნიშველოვანი მიზეზი არ არსებობს.

„უბრალოდ, ნაკლებად უსარგებლო და მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, წინასწარ დაგეგმილ ვიზიტებს არ ცვლიან-ხოლმე. ის ფაქტი რომ, ეს დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, არის რეაქცია იმ შემაშფოთებელ დინამიკაზე, რომელზეც ვსაუბრობთ," - ამბობს ის.

ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი" განთავსდა, რაც ამერიკული მხარის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიმართ არსებული მუქარის პასუხი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რეგიონში სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-52-ს აგზავნის.

ისეთი მნიშვნელოვანი შეიარაღების განთავსება, როგორიც თვითმფრინავი B-52 და ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნია," რისი მანიშნებელია და საერთოდაც, რამდენად მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს?

მსგავს სცენარს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს:

„ეს არის ზეწოლა ირანზე, რადგან თავად ირანისგანაც გაისმა მუქარა, რეგიონში არსებული ამერიკული ბაზებისა და ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შესახებ. ეს ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან ამის საპასუხოდ გადაიდგა.

„გამორიცხული არ არის, თუმცა იმედი მაქვს, ყველა მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, რომ ამ გამწვავებული მდგომარეობიდან მშვიდობიანი გამოსავალი მოძებნონ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×