ანაკლიის პროექტი უკვე რამდენი ხანია შეჩერებულია. მშენებარე პორტში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს დაფინანსების არ არსებობის გამო და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კიდევ რამდენი ხნით გადაიდება სამუშაოები.
მთავარი პრობლემაა, მიაღწევს თუ არა შეთანხმებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ხელისუფლება.
კონსორციუმის გენდირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ კომპრომისი გაკეთდება მთავრობისა და ბანკების მხრიდან და 2021 წლის ბოლოსთვის დაანონსებული პირველი გემების მიღება მხოლოდ 2-3 თვით გადაიდება.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი არა არის მხოლოდ ის პროექტი, რომელმაც მხოლოდ ეკონომიკური მოგება უნდა მოიტანოს, მისი დასრულება სახელმწიფოს ინტერესებშია და ამიტომაც მისი შეფერხება დაუშვებელია.
„ანაკლიის პორტის პროექტი არა არის მხოლოდ ის პროექტი, რომელმაც მხოლოდ ეკონომიკური მოგება უნდა მოიტანოს. ასეთი მასშტაბის პროექტების სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"ანაკლიის პროექტი არის ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც საქართველოში სრულდება და იგი არ არის ადგილობრივი მნიშვნელობის. ეს უზარმაზარი რეგიონული პროექტია, მისი წარმატებით ბოლომდე მიყვანა ეს სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესებშია. მისი შეფერხება არაფრით არ უნდა იყოს დაშვებული,"- ამბობს მენაღარიშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად ანაკლიის პროექტის ირგვლივ არსებული ურთიერთბრალდებებისა, შეუძლებელია რომელიმე ხელისუფალს ამ პროექტის გაჩერების ინტერესი ჰქონდეს.
"გულახდილად რომ გითხრათ, კრიტიკას, რომ ხელისუფლებას სურს პროექტი შეაფერხოს, მე ჭორებს ვუწოდებდი და მე მგონი, არც თუ უსაფუძვლოდ. თუ ამ პროექტს რაიმე პრობლემა გაუჩნდება, ეს დააზიანებს ბევრ რამეს,"- დასძენს მენაღარიშვილი.
ოთხშაბათს ანაკლიის პორტის მშენებარე ტერიტორია ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაი ცქიტიშვილმა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეს არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას.
„პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე - რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალი მთლიანად ავითვისოთ.
"ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას, ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ხედავთ, დღეს ამ ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილიც არის, რომ სამუშაოები მიმდინარეობდეს, აქ არ იყოს გაჩარებული სამშენებლო სამუშაოები...
"მოგიწოდებთ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟისგან გავათავისუფლოთ ეს პროექტი, მოგვცეთ საშუალება ჩვენც, მთავრობასაც, ანაკლიის კონსორციუმსაც და საფინანსო ინსტიტუტებს სამუშაო რეჟიმში ზედმეტი აჟიტირების, ხანდახან ზედმეტი ისტერიკის გარეშე ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის საჭირო ამ პროექტის წარმატებისთვის,"- განაცხადა ჟურნალისტებთან ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, უნდა შესრულდეს მოთხოვნები, რომელიც საჭიროა ან მოთხოვნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იმისთვის, რომ კონსორციუმისთვის სესხის გაცემა მოხდეს.
„ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება, იმ მოთხოვნების ადაპტირება, იმისთვის, რომ სესხის გაცემა გახდეს შესაძლებელი, რის შემდეგაც კონსორციუმს მიეცემა საშუალება, დაიწყოს მუშაობა,"- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
რა ვადებში შეიძლება განახლდეს სამუშოები, ამაზე კონკრეტულად მინისტრს არაფერი უთქვამს.
ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობასა და ინვესტორებს შორის მორიგი შეხვედრა 13 მაისს უნდა შედგეს.
„შეხვედრების მეორე რაუნდი უნდა შედეგს 13 მაისის კვირაში. წინა კვირას მთავრობას, ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელსა და ჩვენს შირის შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყველა მხარემ, ჩვენც, მთავრობამაც და ბანკებმაც, გამოთქვა მზაობა, რომ ყველა წამოვიდეს გარკვეულ კომპრომისზე, რომ ამ 8 პუნქტის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვადებში ჩავეტიოთ, თუმცა კონკრეტული ვადების დათქმა უპრიანი არ არის"- ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება.
„თავდაპირველი გრაფიკით, პორტში პირველი გემის 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში მიღება იგეგმებოდა. ამ დროის მდგომარეობით შესაძლოა, თავდაპირველი გრაფიკი 2-3 თვით დაგვიანდეს, თუმცა კვლავ არის შანსი, რომ პირველი გემი 2021 წლის დასაწყისში მივიღოთ.
"მოლოდინები მაღალი გვაქვს. გვინდა, რომ გარკვეული გარდატეხა და პრინციპული შეთანხმება იყოს მიღწეული. დაველოდოთ პროცესების განვითარებას", - აცხადებს ახვლედიანი.