რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) მე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა, - ამის შესახებ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც დაკითხვაზე მისვლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ გეგმავს.

მალხაზ მაჩალიკაშვლის განცხადებით, რომც დააკავონ, პარლამენტთან აქციებს მისი ოჯახი მაინც გააგრძელებს.

„რომც დამიჭირონ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ ევროპაში ქართველთა და ჩეჩენთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. რაც სუს-მა გამოაქვეყნა, ამით ისტორიას ძალიან დიდი წერტილი დაუსვა. ამ შეცდომას ვერ გამოასწორებენ. მათ აქვთ არა მარტო ის აუდიო ჩანაწერი, რაც გამოაქვეყნეს, არამედ უფრო უარესი საუბრებიც მქონია. ეს ჩემი ფიქრებია. როცა ესენი მამწარებენ და მამწყვდევენ კუთხეში. ამათ ერთი სიტყვის თქმით - ბოდიშით შეეძლოთ, რომ ეს ცხრა თვე აქ არ გამეტარებინა. ეთქვათ, ბოდიში ბატონო ვახა, მომივიდა შეცდომა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი უარეს იტყოდა და განახორციელებდა კიდეც. "თუმცა მე ამას არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ"

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე 3 დღის წინ დაიბარა, თუმცა მაშინ მაჩალიკაშვილი უწყებაში არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ სუს-მა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის სახით რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, რასთან დაკავშირებითაც მაჩალიკაშვილსა და მის ძმის შვილს შორის საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

გუშინ სუს-მა მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარა, რაზეც მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ უწყებაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამოკითხვაზე დღეს, 11:00 საათზე მივიდოდნენ, თუმცა გუშინ საღამოსვე მაჩალიკაშვილმა პოზიცია შეცვალა და კვლავ აღნიშნა, რომ სუს-ში მისვლას აღარ აპირებს, რადგან „9 მაისი დასვენების დღეა". მაჩალიკაშვილი დღეს უკვე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე ხვალ მივა.

თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს, 11:00 საათზე ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×