თამარ შუკვანი
09.05.2019

 ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება; შსს-მ 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი დააკავა.

„აღნიშნული პირი შეეცადა, განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე კიდევ ორი პირი იქნა დაკავებული. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, ხოლო მეორე, - ხულიგნობის ბრალდებით. ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის დროშით მიმავალ ადამიანებს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.

რაც შეეხება ქალაქ ბათუმს, „უკვდავი პოლკისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბათუმში, გმირთა ხეივანში „უკვდავი პოლკის" წევრები მსვლელობას აწყობდნენ და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებდნენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს; მათ განუცხადეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და გმირთა მემორიალთან პრორუსული ძალების მისვლას არ დაუშვებენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს.

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „უკვდავი პოლკის" მიერ ჩატარებული აქციის შინაარსის გაგება მას, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს, ძალიან უჭირს.

„ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ესეც აზრის თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი და პრინციპული პოზიცია - ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რუსეთია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა.

„მსგავს დისკუსიებს ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, ეს არის სწორი და ხმამაღალი პოზიცია - რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა.მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას და წამებას, მკვლელობის ფაქტები გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

„გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ძალიან მიჭირს ამის გაგებ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვაკის პარკთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს უკვდავი პოლკი" მართავს და რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამის პარალელურად, კონტრ-აქცია ლოზუნგით "ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს" იმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი "პუტინის მარშსს" "არას" ეუბნებიან და არასდროს შეეგუებიან ქვეყნის ოკუპაციას.

აქციის მონაწილეები ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით დაიძრნენ. ისინი სირცხვილის კორიდორს აკეთებენ პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორდორით ჰყავს გამიჯნული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×