რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) 96 წლის ვერა ლამბრიანოვა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სამამულო ომის დროს, საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ახლა სიბერის წლებს მარტოობაში ატარებს და დრო წარსულის მოგონებებში გაჰყავს.

ყოველ 9 მაისს, სამამულო ომის შემდეგ, მიღებულ მედლებს იკეთებს და ერთი დღით წარსულში ბრუნდება. თითოეული მედალი და სიგელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მიღებული მონაწილეობისთვის გადასცეს, ეამაყება.

ბერძენი წარმომავლობის ქალბატონი გორში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამის მამა, ობოლი ვანი ლამბრიანოვი გასულ საუკუნეში ათენიდან სასულიერო პირებს ჩამოუყვანია და ბორჯომში ბერებთან ერთად იზრდებოდა. შემდეგ ადგილობრივი ქალბატონი გაუცვნია და დაოჯახებულა. მას შემდეგ მისი შთამომავლობა საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას.

სამი დედმამიშვილი იყვნენ, ვერა ტყუპისცალია. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გორის საფრენოსნო სასაწავლებელში განაგრძო. მშობლებს მისი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ. ომის დაწყებისთანავე ახალგაზრდა მფრინავი ჯარში გაიწვიეს.

მას სრული სიზუსტით, მხოლოდ სილუეტით შეეძლო ამოეცნო მტრის თვითმფრინავის მოდელი, ფრენის სიმაღლე, მიმართულება და სიჩქარე. შტაბში, ამ ინფორმაციის დროულად გადაცემით ახალგაზრდა მებრძოლმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა. ომის დასრულებამდე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, იმ დღეებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.

ომის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი დასრულების შემდეგ კი ბევრი სამსახური გამოიცვალა. ოჯახი არ შეუქმნია. ამბობს, რომ დისშვილები მისი შვილები არიან. გული სწყდება, რომ საყვარელი ადამიანები, ვინც მის ცხოვრებაში იყვნენ დღეს თითქმის აღარავინ შემორჩა.

ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის. საბჭოთა ქვეყნები ფაშიზმის წინააღმდეგ ომობდნენ, რათა თითოეულ სახელმწიფოს გადაერჩინა თავიანთი ქვეყნების კულტურა, თვითმყოფადობა, წარსული და მომავალი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×