"არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი მისმა გარემოცვამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნოს, რადგან მას თავისი წყაროებიც აქვს და გარკვეულ ინფორმაციებსაც ფლობს. ჩემი აზრით, იგი დაელოდება შუალედური არჩევნების შედეგებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვტილებას, სჭირდება თუ არა საერთოდ "ოცნებას" ვადამდელი არჩევნები," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: რიგგარეშე არჩევნების საკითხი მაშინ დგება, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ თემის ინიციატორი, როგორც წესი, არის ოპოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას აწყობს ვადამდელი არჩევნები, რადგან არა აქვს გარანტია, რომ დანიშნულ დროს მოიგებს არჩევნებს, მიდის ამ წინადადებაზე. ამიტომ, თუ "ოცნებაში" დარწმუნდებიან, რომ 2020 წლისთვის ვერ შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებას, მოსახლეობაში კი უფრო გაიზრდება კრიტიკული დამოკიდებულება, შეიძლება წავიდნენ ამ ნაბიჯზე. ამ ეტაპზე, არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისმა გარემოცვამ დაარწმუნოს ვადაზე ადრე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში.
ივანიშვილი არ არის მარტივი ადამიანი, რომ ასე იოლად დაარწმუნონ - მას თავისი ხედვები აქვს, თავისი წყაროებიც და გარკველ ინფორმაციებსაც ფლობს. ჩემი აზრით, იგი დაელოდება შუალედურ არჩევნებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა საერთოდ "ოცნებას" ვადამდელი არჩევნები. მე უფრო სამთავრობო ცვლილებებს ველოდები, რადგან ეს აუცილებლად გასაკეთებელია. თუ რაიმე საფრთხე ემუქრება ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე პრობლემებია და ფაქტია, რომ მისმა საკადრო პოლიტიკამ ვერ გაამართლა.
"რეზონანსი": სწორედ ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის სავალალო შედეგებზე სასაუბროდ იწვევს ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში.
ი.კ: არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ საპარალამენტო ტრიბუნა დაეთმოთ ყოფილი მინისტრისთვის, თქვენ თუ გახსოვთ გამახსენეთ. ქობულია უაზრო კაცი არ არის, და როცა მოდიოდა არ იცოდა სად მოდიოდა, ან ეკონომიკური ზრდის მიღწევა საქართველოში ასეთი იოლი რომ არ იქნებოდა, ამის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ ფლობდა? მესმის, რომ თავმოყვარეობა კარნახობს და არ უნდა ასე წასვლა, მაგრამ მინისტრობის პერიოდში ხომ ამბობდა, ეკონომიკა იზრდებაო, მაშინ "ეკონომიკური ზრდის" ფონზე ხალხი უფრო როგორ გაღარიბდა, ამას როგორ ახსნის? არ ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება მოუსმინონ ქობულიას, ამას მარტო კომიტეტის მხარდაჭერა ვერ უზრუნველყოფს.
"რ": როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, უახლოეს პერიოდში უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. თქვენ როგორ უყურებთ "ოცნების" დაშლის პერსპექტივას?
ი.კ: დაშლის რა მოგახსენოთ, მაგრამ პროცესი ასე თუ ისე დაწყებულია და ალბათ უფრო გაღრმავლდება, როცა დაიწყება სიებზე საუბარი, სავარაუდოდ ივნისი-ივლისიდან. "ოცნების" უმრავლესობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ბევრი მათგანი მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება, ამიტომ კარის გაჯახუნებით წასვლა ურჩევნიათ, საკუთარი თავი უკვე ამოწურეს და არც 8 წლის განმავლობაში გაუკეთბიათ რამე, მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და იმდენი დააგროვეს, რომ მშვიდი ცხოვრებისთვის კიდევ დიდხანს ეყოფათ.
"რ": შუალედურ არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდი პირწმინდად მოგებული აქვს?
ი.კ: შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ორივე პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია და ეს ერთგვარი გარანტიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების. რაც შეეხება ზუგდიდს, ჩემი აზრით, სანდრა რულოვსი ზუგდიდში ვერ გაიმარჯვებს; რომც გაიმარჯვოს იგი ვერ შეძლებს ამ ქალაქის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ზუგდიდის მოსახლოებისთვის, იმ მიზეზით, რომ ფინანსებში დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე. ასე, რომ მხოლოდ სანდრას მეგრული სიმღერა და მეგრული სენტიმენტები ვერ გაჭრის, რაღაც ხმებს თუ აიღებს, ისევ მიშას დამსახურება იქნება.
"რ": "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით, არხის ხელმძღვანელობა ივანიშილის კვალს ხდავს...
ი.კ: რამდენადაც ვიცი, აქ არის ორ კერძო პირს შორის ქონებრივი დავა და რა შუაშია ივანიშვილი, ვერ გეტყვით. დახურვა რომ უნდოდეს, როგორმე მოხერხებდა. იქნება სწორედ "ნაციონალების" ავტორიტეტის შესალახად სჭირდება, რაც მეტს გამოვლენ და ილაპარაკებენ, გინების ჩათვლით, უფრო მეტად არ შეელახება საზოგადოებაში ავტორიტეტი, ამაზე არ უფიქრიათ? ხელისუფლება თავისუფლებას გვიზღუდავსო რომ გაიძახიან, მე თუ მკითხავთ, "რუსთავი 2" თავისუფალი კი არა ზედმეტად თავისუფალია და ამას პირდაპირი ეთერიდან გაკეთებული განცხადებებიც ატასტურებს. აქციებს მოვაწყობთო, როგორ გონიათ, დღეს არის საზოგდაოებაში ის განწყობა, რომ ვინმემ "რუსთავი 2" მხსნელად მიიჩნიოს? ამიტომ მეეჭვება, რომ ქარიშხალი დაატრიალონ.