„საზოგადოებისთვის უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება. ასეთ ვითარებაში „ქართულ ოცნებისთვის" შესაძლოა რაღაც სახეიროდ შეიცვლოს, თუმცა მგონია, რომ პრემიერის პოსტი ამ შემთხვევაში მაინც ივანიშვილმა უნდა დაიკაოს და არა გახარიამ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერების საკითხზე საუბრისას.
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურად განიხილება პრემიერ-მინისტრის მამუკა გახტაძის შეცვლის საკითხი. მისი ადგილი კი შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკაოს.
რამდენად რეალურია, რომ მსგავსი რამ მოხდეს და დღეს, რამდენად დგას ამ ცვლილების აუცილებლობა? ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძისთვის ეს საკითხი ბუნდოვანი და გაუგებარია. იგი შემდეგ საკითხს აყენებს: იმ შემთხვევაში თუკი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდება, ვინ დაიკავებს შს მინისტრის თანამდებობას?
„ეს პირველი შემთხვევა არაა; გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ბევრ პრობლემას შეხვდებოდა და ბახტაძე კი პასიურია. არა მგონია, რომ ლოგიკური იყოს ეს. ძალიან ბევრი ფაქტორი გროვდება ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მაგალითად ის, რომ მეტისმეტად აქტიური ხომ არ არის გახარია?
„ეს სეზონური კითხვაა. როდესაც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი გახარიათი უნდა შეიცვალოს, არგუმენტაცია არ ჩანს. ბახტაძე გახარიათი რომ შეიცვალოს, შს მინისტრად ვინ უნდა დაინიშნოს?" - აღნიშნა საყვარელიძემ
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მსგავსი ცვლილება რომც განხორციელდეს, მმართველი გუნდისთვის არსებითად არაფერი შეიცვლება.
„ასეთი ინფორმაცია პერმანენტულად ვრცელდება და ბახტაძე უკვე ერთი წელია პრემიერის თანამდებობის შენარჩუნებას აგრძელებს. რამდენად სწორი იქნება მისი ჩანაცვლება გახარიათი? თუ „ქართული ოცნების" მიერ მთლიანობაში არ იქნება გააზრებული, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება და რა ახალი იდეოლოგია ან იდეა შესთავაზოს მოსახლეობას, ეს ცვლილება ბევრს არაფერს მოიტანს, ყოველ შემთხვევაში იმ მიმართულებით, რომ „ქართულმა ოცნებამ" მომავალი წლის არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყოს ამომრჩევლის მოზიდვისთვის. ამ მიმართულებით დიდად არაფერი შეიცვლება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ორივე მათგანს მისი საქმე აქვს და შესაბამისად, გარკვეული საკითხები უნდა იქნას გათვალისწინებული.
„როგორც ბახტაძეს, ასევე გახარიასაც თავიანთი საქმე აქვთ. არ ვიცი, თითოეული მათგანი რა წარმატებით ართმევს თავს. ქობალიას გაშვებით უნდა ვიფიქროთ, რომ ბახტაძე არც ისე რბილი ფიგურაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავის მოყვარე ადამიანის გაშვება შეუძლია. საკითხი არ არის მკაფიო და ასევე ბუნდოვანია," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.