მარი გოცირიძე
10.05.2019

 "Talking Environment - გარემოს ქმნი შენ" - ამ სახელწოდებით საჯარო ფორუმი გარემოს დაცვის საკითხებს მიეძღვნა და ამომწურავად უპასუხა იმ გამოწვევებს, რაც საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებობს. ქვეყანა ნარჩენების მართვის სრულყოფისთვის აქტიურ ღონისძიებებს გეგმავს, რაშიც მას ევროკავშირი ეხმარება.

ფორუმში მონაწილეობდა ფართო საზოგადოების 400-ზე მეტი წარმომადგენელი.

საჯარო ფორუმი ორგანიზებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან, თბილისის მერიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციათან - "Georgia,s Environmental Outlook- GEO" მჭიდრო თანამშრომლობით.

საჯარო ფორუმმა შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ასობით წარმომადგენელს, ჩართულიყო საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხებზე დისკუსიაში.

ნარჩენების არასათანადო მართვით ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებზე, ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ: კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი; მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი; ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი; ნინო თევზაძე, სუ##.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფორუმზე გახსნილად გამოაცხადა სოციალური მედიაკამპანია "ნარჩენების შემცირების გამოწვევა", რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ჩართვას ნარჩენების რაოდენობის შემცირებაში მათი ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების გზით. მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება თითოეულ ჩვენგანს ხელეწიფება - "ნარჩენების შემცირების გამოწვევით" იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს," - განაცხადა მან.

ჰარცელის შეფასებით, ევროკავშირი აგრძელებს საქმიანობას საქართველოს მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა.

"ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოს დაცვის სფეროში. მოხარული ვარ, რომ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოების დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს დიდ საჯარო ფორუმს თბილისში, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში და ამით ხელი შევუწყოთ საჯარო დისკუსიას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინტერესმა, რაც ამ ღონისძიებამ გამოიწვია და ისეთი პარტნიორების მონაწილეობამ, როგორიც არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება. მოუთმენლად ველით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა," - განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ჰქონდეს.

"მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის საქმიანობის კოორდინაცია, მათი და, ასევე, ფართო საზოგადოების მხრიდან ნარჩენების მართვის პროცესში საკუთარი როლისა და ვალდებულებების სათანადო გააზრება ნარჩენების მართვის დარგში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის, ტენდენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორ თამარ ალადაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების ადაპტირება ეროვნულ საჭიროებებთან, რის შესაბამისადაც ნარჩენების მოწესრიგებული მართვის მიზანი მიიღწევა.

"ფორუმის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. ევროკავშირის დაფინანსებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წლიდან არსებობს და სრულად შესაბამისობაშია ევროპულ კანონმდებლობასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. რა თქმა უნდა, კოდექსის პარალელურად ხდება მისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და სხვადასხვა საკითხის დახვეწა. "გარემოს ქმნი შენ" - მთავარი დევიზია და ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვართ გარემოს ნაწილი და გვაქვს ვალდებულება, ვიზრუნოთ მისი გაჯანსაღებისთვის. ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება სწორედ ამას ემსახურება.

საერთაშორისო გამოცდილება, განსაკუთრებით ევროპული, ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, საინტერესოა იგი კანონმდებლობის მიახლოების თვალსაზრისით, რათა თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ევროპული გამოცდილება არ იქნა პირდაპირ, უცვლელად გადმოტანილი, მოხდა მისი ადაპტირება ეროვნულ მიზნებთან და საჭიროებებთან, რის შესაბამისადაც უნდა ვიმოქმედოთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, როგორ დავახარისხოთ, როგორ ვაწარმოოთ და შევუწყოთ ხელი ნარჩენების მართვას. მნიშვნელოვანია ცოდნა, რომ სწორად მოვახდინოთ ოჯახებიდან ნარჩენების დახარისხება. ევროპულ ქვეყნებში 1-დან 3 პროცენტამდეა იმ ნარჩენების წილი, რაც ნაგავსაყრელზე მიდის. რეალურად, საქართველოსთვის ეს უზარმაზარი ციფრია, რადგან არ ხდება დახარისხება. სწორედ ამიტომ ხდება მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რომ ვიცოდეთ ზუსტად, რა როგორ და კონკრეტულად რა მიზნისთვის გავაკეთოთ," - განმარტა თამუნა ალადაშვილმა.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტ ხათუნა გოგოლაძის შეფასებით, ნარჩენების მართვა საქართველოსთვის არის პროცესი, მაგრამ დიდი შესაძლებლობაც, რომ ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან ქვეყანამ რამდენიმე წელიწადში თვალსაჩინო შედეგს მიაღწიოს.

"საქართველოს ნარჩენების მართვის კუთხით საკმაოდ ბევრი ვალდებულება აქვს აღებული. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში არაერთი მხარდაჭერა გაეწია ქვეყანას ნარჩენების მართვის სისტემის გამართვისთვის, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაში, არამედ გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტების მოვლინების თვალსაზრისით და სხვა. სამომავლოდაც გაგრძელდება მხარდაჭერა ნარჩენების მართვის სისტემის აწყობის მიზნით. ეს გულისხმობს როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, ასევე საჭირო მექანიზმის დანერგვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამის გარეშე ნარჩენების მართვა წარმატებით ვერ განხორციელდება, თითოეული ადამიანის ცნობიერება უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ჩვენ მიერ წარმოქმნილ ნარჩენებს სათანადოდ მოვეპყრათ. ყველა მიმართულებით ევროკავშირი მყარ მხარდაჭერას გვთავაზობს. შედეგის მიღწევას სჭირდება დრო, ეს არის პროცესი, მაგრამ გვაქვს ამავდროულად ფუფუნებაც, რომ ვისწავლოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებიდან, რაც რადიკალურად შეცვლის ვითარებას ნარჩენების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში," - განაცხადა ხათუნა გოგოლაძემ.

CENN-ის პროექტების მენეჯერი ნინო თევზაძე მიიჩნევს, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარება საქართველოს ნარჩენების მართვის მექანიზმის სწორად დანერგვასა და განხორციელებაში დაეხმარება. მისი შეფასებით, სწორედ ახლა არის გარდამტეხი ეტაპი, რომ ეტაპობრივად დაინერგოს სეპარაციის ანუ ნარჩენების დახარისხებული შეგროვების მექანიზმი, რაც მოითხოვს დიდ რესურსს, რის პარალელურადაც მოსახლეობის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.

"ნარჩენების მართვის საკითხებზე მუშაობა საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ ვხედავთ პოზიტიურ ტენდენციას, ქვეყანას აქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სექტორის მოდერნიზებისა და ამ ტაქტიკის ჰარმონიზების მიზნით ევროკავშირის დირექტივებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე სხვადასხვა დონორები აქტიურად მუშაობენ, რათა დაეხმარონ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორგანიზაციის პროგრამაც აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ნარჩენების გადამუშავების პოტენციალს, კომპანიების უმეტესობა დღეს ქაღალდების გადამუშავების მიმართულებით მუშაობს, რამდენიმე ალუმინისა და შუშის გადამუშავებას ახდენს, თუმცა სხვადასხვა დასახელების მყარი ნარჩენების თვალსაზრისით უფრო გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნარჩენების კუთხით სწორი ტარიფი განისაზღვროს და მოხდეს მისი ამოღება, რაც ასევე სერიოზული გამოწვევაა. ევროპული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რამ იმუშავა ამ ქვეყნებში და რამ - ვეღარ. წარმატებული მაგალითების გადმოღების შესაძლებლობა გვეძლევა, რაც საქართველოს დაეხმარება ნარჩენების მართვის მექანიზმის სწორად დანერგვასა და განხორციელებაში", - აღნიშნა ნინო თევზაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა - 3.42 მლნ მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 600 კგ-ს შეადგენს. ნარჩენები შეიცავს 1000-მდე არასახიფათო და სახიფათო ნივთიერებას, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს; აზიანებს ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას; აბინძურებს საკვებს; ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ნარჩენების შეგროვება, უსაფრთხოდ განთავსება, რეციკლირება, აღდგენა და, ზოგადად, ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 2015 წლამდე, კერძოდ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე, საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი. ნარჩენების მართვას კოდექსი ამკვიდრებს.

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×