სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულმა პროექტებმა შედეგი უკვე მოიტანა. 2018 წლის მონაცემით, წარმოებულია 1,3 მლნ ტონაზე მეტი პროდუქცია.
ფინანსური რესურსი განაწილდა შეღავათიან აგროკრედიტზე, უფასო ხვნა-თესვაზე, საწარმოების დაფინანსებაზე, "დანერგე მომავალზე", ქართული ჩაის აღდგენის პროგრამაზე, აგროდაზღვევაზე, ყურძნისა და ციტრუსის ფასის სუბსიდირებაზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დარგში მეცნიერულ კვლევებზე და ა.შ.
იმის თქმა, რომ სოფლის მეურნეობამ ვერ უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობა ვერ გაამდიდრა, სულაც არ აკნინებს სექტორის როლს, რადგან დარგის განვითარებაში ჩადებულმა კაპიტალმა ქვეყანას მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება.
ამ მხრივ 2018 წელი უდავოდ გამორჩეულია. რა შესაძლებლობები მისცა სოფლის მეურნეობის დარგმა ქვეყანას და რა გაკეთდა რეალურად, ამის გარკვევას "რეზონანსი" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილთან შეეცადა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან სფეროდ გამოცხადდა და მეტად დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლამდე. თუკი აქამდე აქცენტი ღირებულებების გადარჩენაზე ისმებოდა, ვითარება რადიკალურად შემობრუნდა და დიდმა ფინანსურმა რესურსმა, რაც სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო, თავისი გასაკეთებელი გააკეთა.
"2018 წელი აგრარულ სექტორში შედეგიანი იყო. ამინდმა გაამართლა და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი სამეურნეო წელი გვქონდა. გვქონდა შთამბეჭდავი ციფრები, რომლებიც ეკონომიკაზეც აისახა. კერძოდ, შარშან სოფლის მეურნეობამ აწარმოა 1,3 მლნ ტონაზე მეტი პროდუქცია, რაც 300 ათასი ტონით მეტია გასული წლების მაჩვენებლებზე და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
2018 წლის ბოლოსთვის, მთლიანობაში, მარტო "შეღავათიანი აგროკრედიტის" მეშვეობით მოსახლეობას მიეწოდა 2 მლრდ ლარამდე ფინანსური რესურსი. მთელ ამ რესურსში უმთავრესია ბანკების კაპიტალი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო. 2 მლრდ ლარში დაახლოებით 1,8 მლრდ ლარი ბანკების მიერ გაცემული სესხია. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ბანკების მიერ შესწავლილ და დაფინანსებულ პროექტს დაუფინანსა პროცენტი, რამაც კორუფციის რისკი გამორიცხა. "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის დაწყებიდან, 2013-2018 წლებში, ამ პროგრამის ბენეფიციარი საწარმოების მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ შეადგინა 621 მლნ ლარი. სახელმწიფომ 219 მლნ ლარი დახარჯა თანადაფინანსებაში, ბანკებისგან ბენეფიციარებმა მიიღეს 1,8 მლრდ ლარი, ეს ყველაფერი კი ზრდის წარმოებას სოფლის მეურნეობაში, დასაქმებას და სახელმწიფო შემოსავლებს," - ამბობს გიორგი ხანიშვილი.
ქართული ხილი ექსპორტზე - სასტარტო პროექტების რეალური შედეგი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროგრამებმა საგრძნობლად შეცვალა დარგის სტრუქტურა და ბენეფიციარებმა დიდი სარგებელი მიიღეს. "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებულმა ხეხილის ბაღებმა უკვე მოიტანა მოსავალი და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობაც რეალური გახდა, რაც ჩანს ციფრებშიც. ექსპორტი წარმატებული აღმოჩნდა ატმის, ციტრუსისა და ვაშლის მოსავლისთვის, რამაც წინა წელს უპრეცედენტო ზრდა აჩვენა.
გიორგი ხანიშვილი: "2018 წლის შედეგით, ჩვენ გვქონდა პირველი, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი მოსავლის მიღების ფაქტი, კონკრეტულად, ვაშლის სექტორში. როდესაც პროექტი "დანერგე მომავალი" იკრებდა ძალებს, მაშინაც ასაბუთებდა სამინისტრო, დღესაც ვასაბუთებთ და ვამბობთ, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების, განსაკუთრებით ვაშლის, წარმოებამ გვიჩვენა, თუ რა შედეგი და პოტენციალი აქვს დარგს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვქონია ვაშლის ექსპორტი. მხოლოდ 2018 წელს 12 ათას ტონაზე მეტი გავიდა ქვეყნიდან. ინტენსიურმა ბაღებმა უზრუნველყო ხარისხიანი ვაშლის წარმოება, შექმნილმა სამაცივრე და გადამამუშავებელმა საწარმოებმა მოახდინა ბრენდირება, შენახვა და ექსპორტზე გატანა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჯამში, სრულად 50 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა.
ატმის ექსპორტი საერთოდ არ იყო, 2016 წელს კი პირველად - 5 ათასი ტონა, 2017 წელს - 11 ათასი ტონა, ხოლო 2018 წელს 16 ათას ტონამდე გავიტანეთ. ვფიქრობთ, უფრო მაღალი მონაცემებით შევხვდებით ამ წელს. უკვე აშენებულია 5 გადამამუშავებელი საწარმოც. რაც შეეხება ციტრუსს, შარშან 30 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა ექსპორტზე, ხოლო გადამუშავდა 15 ათას ტონაზე მეტი.
ფაქტობრივად, ფერმერებს მიეცათ საშუალება, რეალიზაცია მოეხდინათ და აემუშავებინათ საწარმოები, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებული იყო. ეს ყველაფერი მიღწეულია სახელმწიფოს ღონისძიებების შედეგად. აქცენტს ვაკეთებთ იმ ნაწილში, რაც ფინანსდება და რომელიც განვითარების სასურველ ეტაპზე გვინდა.
2013 წელს არსებობდა პროექტი მცირემიწიანი ფერმერებისთვის, ხვნა-თესვის მხარდამჭერი პროგრამა იყო, პირველი სასტარტო პროექტი, რომელიც ჩანაცვლდა უფრო ეფექტური გრძელვადიანი პროექტებით. შემდგომ პერიოდში შესაძლებელი გახდა, რომ საოჯახო მეურნეობები გაფართოებულიყო. ეს არის ჩვენი ამოცანაც, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესმოდელი შეიქმნას ქვეყანაში და ეს მიმართულება განვითარდეს.
მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ ვიწრო ოჯახური მეურნეობებიდან და სოფლის მეურნეობა, როგორც ბიზნესი, განვითარდეს. თანხები იხარჯება აბსოლუტურად მიზნობრივად, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობა იყო, პრაქტიკულად, მშიერ მდგომარეობაში, მოტივაციის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, მიტოვებული იყო სფერო, სახელმწიფოს სჭირდება დიდი ძალისხმევა, მოაბრუნოს, ადამიანების ცნობიერება და განვითარების პოტენციალი გავზარდოთ."
რა ქმნის პრობლემას ბაზრისთვის
2012 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, რადიკალურად შეიცვალა სოფლის მეურნეობის მიმართ დამოკიდებულება და პოლიტიკა. ამჟამად მთელი დარგი ინვესტირებულია და მისი პორტფელი 2 მილიარდ ლარს აღემატება. აქტიური პორტფელი 600 მილიონ ლარზე მეტია. ქვეყანას სჭირდება უამრავი დრო და რესურსი, რომ დარგი გაიმართოს, ჩადებულმა ინვესტიციებმა შედეგი აჩვენოს და ბიზნესსექტორი რეალურად განვითარდეს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ადეკვატურად აისახება. ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის ნიშა, რომ წარმოებული პროდუქციის უწყვეტი, სტაბილურად მიწოდების შესაძლებლობა არსებობდეს. მაქსიმალური შედეგის მიღებას ქვეყანა მწირი რესურსით ცდილობს. თუმცა უდავოდ დადებითი ფაქტია, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო სოფლის მეურნეობაში 800 მილიონიდან 400 მილიონამდე ჩამოვიდა.
"ქართულმა ეკონომიკამ 2018 წელს დააფიქსირა, რომ 960 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა. დაიმსხვრა მითი, რომ სოფლის მეურნეობას არაფერი შეუძლია, ასე არ არის. შეუძლია, როდესაც ამერიკაში გუდის ყველი გადის, პრობლემა ამ პროდუქტის წარმოებაა. როცა ცხვრის ექსპორტი მუდმივად მზარდია, პრობლემა ცხვრის წარმოებაშია. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მეტი, ანომალიაა, რომ კომბოსტო ბაზარზე ღირდეს 3 ლარი, მაგრამ ეს არის სტიმული, რომ მეტი აწარმოონ.
თუ არ იქნება ხელშეწყობა, ვერაფერს გავაკეთებთ და სოფლად ადამიანს ვერ დავაბრუნებთ. მან უნდა დაინახოს, რომ სოფელში ცხოვრება არ არის ტალახში სიარული, ეს არის ბიზნესი, სუფთა გარემო, იმ პროდუქციის მიწოდება, რომელსაც საზოგადოება ითხოვს, ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის რეალური ასახვა," - ამბობს ხანიშვილი.
გეგმა სტაბილური განვითარებისთვის
გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ რჩება ქვეყანაში ჭარბი იმპორტის პრობლემა. სამწუხაროდ, არცთუ უსაფუძვლოა საუბარი, რომ წარმოებული პროდუქცია დახლებიდან რამდენიმე თვეში ქრება და ბაზარზე იმპორტით ჩანაცვლების საჭიროებაა. პრობლემა ბოლო დროს შეიქმნა ხახვისა და კომბოსტოს კულტურებში, რამაც დეფიციტის გამო ფასების ზრდა განაპირობა.
ცხადია, პრობლემა გაცნობიერებული აქვს გიორგი ხანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მოხსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
"აქტიურად ვმუშაობთ ბოსტნეული კულტურების მიმართულებით, რომ საშუალო საექტრო მოსავლიანობა ამაღლდეს და მივიღოთ ხარისხიანი და მაღალი სარგებლიანობის, თვისობრივად გამორჩეული ქართული პროდუქცია. ვმუშაობთ ხორბლის სექტორში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქციაა საქართველოსთვის. იცდება დღეს საქართველოში ფრანგული ჯიშები, იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს, თუმცა ამასთან ერთად აქცენტი კეთდება რუსულ, უნგრულ, ავსტრიულ ჯიშებზე. კანონი მიღებულია, კატალოგი მზად არის და ქართველ ფერმერებს შევთავაზებთ მოკლე დროში ისეთ სათესლე მასალას და ტექნოლოგიას, რომლითაც მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე გადასვლას შევძლებთ და, 120-130 ათასი ტონის ნაცვლად, საქართველო მიიღებს 500 ათას ტონამდე პროდუქტს.
რაც შეეხება ხახვის მოსავალს, ვადასტურებ, რომ ნაკლები იყო წელს, იმპორტი გაიზარდა, მაგრამ იყო წლები, როცა მეტი მოსავალი გვქონდა, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. მაგალითად, 2010 წელს იმპორტი იყო 30 ათასი ტონა, 2017 წელს 18 ათასი ტონა შეადგინა, 2018 წელს კი 27 ათასი ტონა მოსავალი მივიღეთ. ჩვენი ამოცანაა, იმპორტზე დამოკიდებულება მოიხსნას არა მარტო ხახვზე, არამედ ნებისმიერ პროდუქციაზე. ეს ხდება ნაკლები ინვესტირების გამო სოფლის მეურნეობაში. ინვესტირებაა საჭირო, როგორ შევძლოთ და მოვიყვანოთ იმ მოცულობით, რაც ჰექტარზე უნდა მოდიოდეს. სოფლის მეურნეობას აქვს თავისი სახასიათო კლიმატური პირობები, მაგრამ არის მუდმივობის პრობლემა.
ერთ-ერთი მთავარი სიკეთეა, რომ იზრდება მოთხოვნა, მაგრამ ამ პროცესს ადეკვატურად ვერ მისდევდეს მიწოდება, ეს არის პრობლემა, დანარჩენი არის დასაკორექტირებელი. მოთხოვნა იზრდება, ხოლო პროდუქციის წარმოება ჩამორჩა ამ ტრენდს. შეიძლება ვინმემ ამაზე გამაკრიტიკოს, მაგრამ მატულობს მოხმარება, საზოგადოების კეთილდღეობა. პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როცა გადახდისუნარიანობა მატულობს, შესაბამისად, ფასიც იზრდება.
ჩვენი ამოცანაა, ბაზარი მოვამარაგოთ ხარისხიანი პროდუქტის უწყვეტი მიწოდებით, რისი შესაძლებლობაც ჯერ ისევ ძალიან მწირია და ეს ქმნის არასტაბილურობას. თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, ვიცით, რა რესურსია ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს სასწავლი, განათლება მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლის მეურნეობაში," - განაცხადა "რეზონანსთან" ხანიშვილმა.
(მოვლენა)