კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და ამბობს, რომ მისი დაკავება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი ხეობაში ავტორიტეტით სარგებლობს და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც ხელისუფლება ფრთხილობს, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი მტკიცებულება წარმოადგინოს და ნაკლები კითხვები დატოვოს.
არეშიძეს კითხვები მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებთან დაკავშირებითაც აქვს და ამბობს, რომ მას იურისტები არიგებენ, რის შემდეგაც პოზიციებს ცვლის. მისი მხრიდან აქცენტის გაკეთება შურისძიებაზე და არა ტერორიზმზე საკმაოდ სწორი ტაქტიკაა, რადგანაც აფექტში მყოფი შვილმკვდარი მამის ქცევა უფრო გასაგებია და სამართლებლივადაც ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება.
„რეზონანსი“: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას მოპოვებული აქვს უტყუარი მტკიცებულებები და ის აპირებდა ტერორისტული აქტის ჩადენას, მისი დაკავება არ მომხდარა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
მამუკა არეშიძე: მგონია, რომ პანკისის ხეობაში ბოლო დროს დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლება ცდილობს, მაჩალიკაშვილთან მიმართებაში უფრო ფრთხილად იყოს, რადგანაც ამ ადამიანს ბევრი მომხრე ჰყავს და სიტუაციის გამწვავებას ერიდება.
მისი დაკავება კი არ მინდა, უბრალოდ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მგონია, რომ მაჩალიკაშვილის დასაპატიმრებლად ამ ეტაპზე პოლიტიკური ნება არ არსებობს. ასევე ბევრი კითხვები თემირლანის საქმეზეც მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს სპეცოპერაცია არ იყო სწორად დაგეგმილი და ამ თემაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბევრ კითხვაზე პასუხია გასაცემი.
შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც თემირლანის საქმეზე უფრო მეტი არ ისაუბრა და არ იყო ასევე პოლიტიკური ნება იმის, რომ საზოგადოების ინფორმირება მომხდარიყო. მაჩალიკაშვილი ხეობაში ავტორიტეტით სარგებლობს და მისი ბრალეულობის დამტკიცებასაც უფრო მეტი მტკიცებულებები დასჭირდება. მისი საქმის ირგვლივ მიმდინარე ღონისძიება უფრო პრევენცია მგონია. ამიტომაც დაკავება თუ არ მოხდება, მაშინ უფრო ბევრი კითხვა გაჩნდება.
„რ“: როგორ აფასებთ სუს-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ ის ტერორისტულ აქტს ამზადებდა. როგორც თავად მაჩალიკაშვილი ამბობს, ეს სპეციალურად მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის არის მოფიქრებული. რატომ არა შურისძიების მიზნით დაგეგმლი განზრახ მკვლელობის მცდელობა?
მ.ა: მაჩალიკაშვილს ვიღაც არიგებს და იურისტების ნამუშევარი კარგად ჩანს. აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ მას ტერორიზმის ბრალდება რატომ წაუყენეს და არა შურისძიების, რა თქმა უნდა, სწორი ტაქტიკაა. ტერორიზმის ბრალდება სამართლებრივად უფრო მძიმეა, ვიდრე შურისძიების მიზნით აფექტში მყოფი შვილმკვდარი მამის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამის გაგება საზოგადოებას უფრო ადვილად შეუძლია, ვიდრე ის, რომ ის ტერორისტია. სამწუხაროდ, ვენდეტა ანუ სისხლის აღების ტრადიცია, როგორც ჩრიდლოეთ კავკასიაში, ასევე ჩვენთანაც კიდევ არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ მსგავსი მცდელობა შესაძლოა ჰქონდეს ადამიანს, თუმცა მაჩალიკაშვილის განცხადებებიც ურთიერთგამომრიცხავი და საეჭვოა.
როგორ შეიძლება ჯერ თქვა, რომ სუს-ში შევარდნას და თავის აფეთქებას აპირებდი და მერე გადათქვა, რომ აღელვებულს წამოგცდა და გადაიფიქრე. ახლა ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ჯერ ამბობდა, რომ ფალსიფიცირებული იყო, შემდეგ თქვა, რომ აღარ ახსოვდა და შესაძლოა ძმისშვილთან ამაზე ილაპარაკა. ასევე დააზუსტა, რომ მსგავსი სახის აზრები მოსდის, მაგრამ არ ახორციელებს. ამიტომაც გამიჩნდა ეჭვი, რომ მას არიგებენ, მიხვდა რომ შესაძლოა სუს-ს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები ჰქონდეს და თავის დაზღვევა დაიწყო.
„რ“: თუმცა დამეთანხმებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ოჯახი სამართლიანად ითხოვს, რომ მის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს...
მ.ა: რა თქმა უნდა, ეს ზემოთაც ვახსენე და ვთქვი, რომ თავის დროზე ამ კითხვებზე პასუხი რომ გაცემულიყო, ამ სიტუაციამდე არ მივიდოდით. თუმცა საუბარი იმაზე, რომ ეს ბავშვი სრულიად არაფერშია დამნაშავე, სწორი არ არის. როგორც ვიცი თემირლანი საკმაოდ მახვილგონიერი ახალგაზრდა იყო. მან კონკრეტულად ჩატაევის მიზნებზე თუ არაფერი იცოდა, მას ხომ კარგად სცნობდა, ვინ და რისი ჩამდენი იყო.
წარმოდგენა ხომ ჰქონდა ამ ადამიანის ავტორიტეტის შესახებ. მითუმეტეს როდესაც მისდევს ჩეჩენ ძმებს ბაზრობაზე ტელეფონების და სხვადასხვა ნომრების საყიდლად, რომლებიც ნაკლებად მოსმენადია. ეჭვი ხომ უნდა გასჩენოდა, რომ რაღაც ხდება? ასევე თურქეთიდან მის ანგარიშზე რომ თანხა ირიცხებოდა და სხვების ანგარიშზეც კითხვები არ უჩნდეობოდა? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მისი დაკავების ფორმა არ იყოს სწორი და მალთზომიერი, მაგრამ ამ ბავშვის ასე უგუნურად გამოყვანა მისივე შეურაცხყოფა მგონია.