"ქვეყანა, თუნდაც პატარა ქვეყანა, შეუძლებელია, იმართებოდეს ისე, როგორც იმართება კომერციული სტრუქტურა, თუნდაც სააქციო საზოგადოება, რომლის საკონტროლო პაკეტი ერთი ადამიანის ხელშია. ამიტომ საკადრო ცვლილება და მთავრობაში კარუსელები სულ იქნება დღის წესრიგში" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებას.
"ივანიშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა არის მენეჯმენტში და თუ მოძებნის კარგ შემსრულებელს, საქმეს ეშველება. თანაც მას ახასიათებს, რომ სწრაფად მოიხიბლოს ამ თუ იმ ადამიანით. გამოაცხადებს, რომ უალტერნატივო, საუკეთესო და მისი საოცნებო ადამიანია და შემდეგ ასევე სწრაფად განიხიბლოს. ამ 6 წლის განმავლობაში ეს ბევრჯერ მოხდა და მოსალოდნელია, რომ კვლავაც მოხდება.
პატრონყმური სისტემის, რომელიც უაღრესად არაეფექტურია, ნაწილია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება და ყველას ესმის, რომ ნამდვილი უფროსი, ბატონი არის ივანიშვილი. შესაბამისად, ყველა ელის მისგან კონკრეტულ მითითებებს, მის გარეშე არავინ მოქმედებს, ვინაიდან, ვაითუ მერე რამე არ მოეწონოს და ყველაფერი არ დაკარგოს. ივანიშვილი კი, პრაქტიკულად, მითითებებს არ იძლევა, იგი მხოლოდ ნიშნავს ადამიანებს და მერე ხსნის, ეს არის ციკლი და აქ ჩადებულია დიდი დეფექტი. ამ პირობებში კი თუნდაც ნიჭიერი, უნარიანი ადამიანი ვერ იმუშავებს ეფექტიანად.
ამ ფონზე სავალალო მდგომარეობა იქმნება ქვეყანაში. საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ამ წლებში არის კატასტროფული, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან ცოტას აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომლის გაყიდვაც შეიძლება. შესაბამისად, ინფლაცია საკმაოდ მაღალია. ამას წინათ გამოქვეყნდა, რომ მოკლე დროის განმავლობაში თითქმის 30%-ით გაძვირდა სურსათი საქართველოში. თავად ივანიშვილმა შარშან განაცხადა, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და გაოგნებულია იმით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკდა "ოცნების" ხლისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ყველაფერი კი გაიგო "უნისეფის" ანგარიშიდან. ამ აღსარების შემდეგ ცოტა ხანში გამოაცხადა, რომ ყველაფერი არის ბრწყინვალედ, საოცარი აღორძინებაა, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლება ისევ აგრძელებს უხეში და უაზრო შეცდომების დაშვებას, რომელიც დიდ ზიანს აყენებს როგორც ქვეყანას, ისე ხელისუფლებას.
რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე თანამდებობიდან, ეს მხოლოდ ჭორია. ჯერ ივანიშვილს ბახტაძე საჯაროდაც არ გაუკრიტიკებია. სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით კი, ვინ შეცვლის ბახტაძეს, განხილვის თემადაც არ ღირს, რადგან შეიძლება სულ სხვა პიროვნება დაინიშოს, რომლითაც ივანიშვილი იმ მომენტში მოიხიბლება და ჩათვლის, რომ გენიოსია," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.