"მთავრობის ცვლილება არაფერს შეცვლის, რადგან ვერავინ ვერ აგვიხსნის, რატომ შეიცვალა ვინმე, ახალი რომ მოვა, რა დავალება ექნება, საერთო კონტექსტში რა უნდა გააკეთოს. ამის იმედი არ ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას"- ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.
დემურ გიორხელიძე: კონსტიტუციურად ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპულიკა, მაგრამ ის, რაც გვაქვს, პაროდიაა საპარლამენტო რესპუბლიკაზე, რადგან წარმოუდგენლად სუსტია და მისი საქმიანობა არ შეესაბამება იმ უდიდეს დატვირთვას, რომელიც აქვთ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკებს. დღეს ჩვენ გვაქვს არატრადიციული მმართველობა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ნომინალურად არსებობენ, ხოლო მათი ხელმძღვანელები დანიშნული არიან პარტიული ნიშნით და ერთგულებით, რაც გამორიცხავს ამ ადამიანებისგან დამოუკიდებელ ინიციატივას; რომც მოინდომონ, პროფესიული პრობლემა გაჩნდება. განვითარების თვალსაზრისით დღეს საქართველოს არსებული მმრთველობითი სისტემა ნულოვანი ეფექტის მქონეა და აბსოლუტურად უპერსპექტივო სამომავალოდ.
სახელმწიფო მმართველობითი სისტემა კი აბსტრაქციული არ არის. მისი პირველი ფუნქცია არის, რომ შედეგი იყოს, შედეგი კი ეკონომიკურ კეთილდღეობაში და წესრიგში მდგომარეობს, წესრიგში პოლიტიკური თამაშის წესებიც შედის, ჩვენ კი უწესო პოლიტიკური თამაშის წესები გვაქვს, ასეთი სიტუაცია კი არასდროს იქნება მიზნისკენ მიმართული. სანამდე გაგრძელდება ეს ვერ გეტყვით, რადგან ჩვენი მოქალქეების განწყობა ჯერ-ჯერობით რადიკალურად არ იცვლება. 30 წელია ერთი და იგივე მმართველობა გვაქვს და კიდევ ველით, იქნებ კიდევ ვინმე მოგვევლინოს, რომელიც სახელმწიფოს მოუვლის და კარგად ვიცხოვრებთ.
ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც სტაბილიზირებულია, ძალიან დაბალ დონეზე და იმდენად დაბალ დონეზე, რომ განსაკუთრებული რყევები არ არის, ამ მდგომარეობიდან ამ გზით გამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს არის უთანასწორო საზოგადოება, სადაც რაღაც დოვლათი იქმნება, მაგრამ ამ დოვლათს რამდენიმე ათეული ოჯახი აკონტროლებს და ყველა დანარჩენი ცხოვრობს არსებობის დონეზე.
როცა არ გესმის სოციალური ჭრილი, როგორ არის დალაგებული, წარმატებული მინისტრი ვერ იქნები, პირადი წარმატება და კეთილდღეობა სახელმწიფოს საქმეში არფერს ნიშნავს, აქ ნიშნავს პროფესიული და პოლიტიკური კონდენციები ადამიანისა და ასეთი ადამიანების სურვილი, რომ სახელმწიფო განვითარების ტრაექტორიაზე გადაიყვანონ; ეს ამბიციური პოლიტიკის სფეროა და არა ვიღაცის მატარებელში შემხტარი ხალხის ამოცანა. წარმატებული ხლისუფლება კი მაშინ მოვა, როცა ჩვენი ხალხი ბელადს კი არ დაუკვეთავს, არამედ პოლიტიკური აზროვნების, წესიერ და პასუხისმგებელ საკუთარი ქვეყნის შვილებს;
ამიტომ, რამდენი ცვლილებაც არ უნდა მოხდეს მთავრობაში, არაფერი შეცვლება. ქართულ საზოგადოებას არ ჰქონდეს იმედი, რომ ვინმე აგვიხსნის, რატომ შეიცვალა ვინმე, ახალი რომ მოვა რა დავალება ექნება, საერთო კონტექსტში, რა უნდა გააკეთოს. რადგან ვიღაცა ვიღაცას ნომინალურად მოიყვანს, ვიღაცა ვიღაცას გაუშვებს, როცა რაიმე არ მოეწონება და პოლიტიკური მომსახურე პერსონალიდან ვიღაცა ახალს აირჩევს ცნობილი ქართული კრიტერიუმებით, ყმობა, ერთგულება და ყურმოჭრილი მსახურება იმ მეფისა, ვინც საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავს" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.