რეალური საფრთხე თუ საქართველოს მოქალაქეებში შიშის გაჩენის მცდელობა – რას ნიშნავს ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება? ამის მოლოდინი კი ბოლო დროს გაჩნდა, რადგანაც საქართველოდან მიგრაციის რიცხვი გაზრდილია და არსებობს რისკი, რომ შეჩერების მექნაიზმის ამოქმედებას ევროპის რამდენიმე ქვეყანა მიმართავს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს აფრთხილებს. „თუ უკანონო მიგრაცია არ შემცირდა, ამან შესაძლოა ქვეყნისთვის უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს“- ეს განცხადება საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა იყო.
როგორც საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის აეროპორტებში მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდაზე, როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთის აეროპორტებში. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს უკანონო მიგრაციის პრევენციისთვის დამატებითი ფაქტორი გახდება.
"საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილი საქართველოში, ასევე საქართველოს წარმომადგენელი იქნებიან წარმოდგენილი საფრანგეთში, მათ შორის ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ვფიქრობ, რომ მთავარია პრევენციაზე მუშაობა," - განაცხადა შს მინისტრმა.
საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება მთავარ გამოწვევად საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს. მისი განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი აღარ იქნება საფრანგეთში თავშესაფრის მიღება. უფრო მეტიც, საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოდან სამედიცინო დახმარების მიზნით ჩასულებს მხოლოდ დოსიეების შესწავლის შემდეგ მიიღებს. კასტანერი ამბობს, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დაკმაყოფილება მოხდეს და სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტებს კი საქართველოშიც შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება. შს მინისტრი მთავარ გამოწვევად ასახელებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასაც.
საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც. მისი თქმით, საქართველოსთვის შენგენის სივრცესთან წვდომა მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ არ მოხდა მუშაობა მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაზე, შესაძლოა "ხვალ საქართველოსაც" შეეზღუდოს წვდომა თავისუფალ ევროპასთან.
თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საფრთხე არ არსბობს, თუმცა რისკები დიდია და საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ამ რისკების შემცირება მოხდეს. მისივე თქმით, ყველაზე მწვავედ საქართველოდან მიგრაციის პრობლემა საფრანგეთში, ესპანეთში და გერმანიაში დგას და სწორედ ამ ქვეყნების მხრიდან არსებობს პირველ რიგში დიდი ალბათობა, რომ ისინი შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზე იფიქრებენ. თუმცა ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ისინი ცდილობენ, ეს პრობლემა საქათველოსთან ერთად მოაგვარონ და ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებით იმოქმედონ.
„რა თქმა უნდა, საფრაგნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს განცხადება ერთგვარ გაფრთხილებად უნდა აღვიქვათ, თუმცა არ მგონია, რომ უახლოვეს მომავალში თუნდაც ამ ქვეყანამ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვს. ჯერ პირველ რიგში ეცდება, რომ საქართველოსთა ერთად პრობლემის მოგვარების გზები მოძებნოს. ასე პირდაპირ შეჩერების მექანიზმს არავინ გამოიყენებს. რა თქმა უნდა, საქართველოს მსგავს ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში მიგრაციის შეჩერება ძალიან რთულია, როცა მითუმეტეს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და ქვეყანაში საკუთარი ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ. ასე მალე ვიცით, რომ საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მოგვარება არ მოხდება, მაგრამ სხვა გზარ არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ უვიზომიმოსვლა არ გაგვიუქმონ. მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ასევე ჯანდაცვაა. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი, მითუმეტეს საფრანგეთში ჯამრთელობის პრობლემების გამო მიდიან სამკურნალოდ და შემდეგ იქ რჩებიან. ჩვენმა ხელსუფლებამ ამ კუთხითაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს და გარკვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯები კიდევ გაზარდოს. ასევე ვიცით, რომ ექიმების გადამზადების და კვალიფიკაციის მხრივ ბევრი პრობლემები გვაქვს. არ არის ქვეყანაში სამედიცინო უახლესი ტექნიკა. ეს საკითხიც მოასაგვარებელია“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ კი სიტუაცია უფრო გართულდება, მაშინ თავად საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, რომ ალბანეთის მაგალითი აიღოს, სადაც მოსახელობის კონტროლს საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მართალია ეს მეთოდი პოლიტიკურად არ იქნება მომგებიანი და ქვეყნის შიგნით მმართველ გუნდს გარკვეული წინააღმდეგობები და პროტესტი შეხვდება, მაგრამ თუ კი სხვა გზა არ იქნება ამ მაგალითის გამოყენებაც დასაშვებია. სხვაგვარად საქართველო დადგება საფრთხის წინაშე, რომ ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია და ხელისუფლების განცხადებები შიშის გაჩენას არ ემსახურება.
მისი თქმით, ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ. ექსპერტის ინფორმაციით, ესპანეთის და საფრანგეთის შემთხვევებში შეჩერების მექანიზმის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს.
„თუ ავიღებთ საფრანგეთს, 2017 წელს საქართველოდან 2700-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 6900-მდე გაიზარდა. ანუ 100%-იანი ზრდა მოხდა და საფრანგეთს ამ მექანიზმის გამოყენება სრულიად თავისუფლად შეუძლია. ბოლო პერიოდში ასეთივე პრობლემა აქვს ალბანეთს. ასევე ამ საკითხზე მსჯელობა ნიდერლანდებმა დაიწყო.
რაც შეეხება პროცედურებს, ინიციატორი ქვეყანა ამ საკითხს ევროკომისიასთან წამოაყენებს, აფასებენ სიტუაციას, რამდენად არის ის შიშები და საფრთხეები რეალური, ხდება გადამოწმება, რამდენად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, შემდეგ დგება დოკუმენტი და იწყება კენჭისყრა. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, შემდეგ დააკვირდებიან სიტუაციას, თუ დამაიმედებელი ნიშნები არ იქნება, შემდეგ 27 თვემდე გრძელდება, ბოლოს კი უკვე „შავი ქვეყნების“ სიაში ვიქნებით, ამის შემობრუნება კი ძალიან რთული იქნება“,-აცხადებს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, გამოსავალს ხელისუფლების ნაბიჯებში ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ამ საქმეს კანონების მიღება და მოქალაქეების დაჯარიმება ვერ უშველის. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ერთ დღეში ვერ მოგვარდება. ევროინტეგრაციის საკითხებში ექსპერტებისთვის ერთადერთი იმედი თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ როდესაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არაა მთავარი.
„ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ პრორუსული ძალების წისქვილზე დაასხამენ წყალს, სავარაუდოდ, ამას გაითვალისწინებენ. მხოლოდ ტექნიკური კუთხით არ უყურებენ, ასე მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ასეთ დროს პოლიტიკური წონა საკმაოდ დიდია“, – აცხადებს ჩხიკვაძე.