"ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესლია კონსტიტუციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მუხლის შეცვლას მოითხოვს. მისი თქმით, მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა დაინიშნონ და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალს ვადიანი არჩევით. ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, თუმცა არის გარკვეული ჯგუფი დეპუტატებისა, გვჭირდება 200 ათასი ხელმოწერა. ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ 200 ათასი ჩვენი თანამემამულის ხელმოწერას" - აცხადებს ეკა ბესლია.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარაჭერა მაინც დასჭირდება და არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს.
"ინიციატივა მისასალმებელია და შეიძლება რომ დროებით, გარადმავალ დებულებაში ჩაიწეროს ცვლილება, რომ მოსამართლეები გამწესდნენ არანაკლებ 10 წლისა და მერე დაალაგონ 10, 20 თუ 30 წელი, როგორც უნდა ისე განსაზღვრონ. რაც შეეხება 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, როცა ეს ხელმოწერები შეგროვდება, ინიციატივა უნდა გადაამოწმოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და დაადგინოს ამ ხელმოწერების ნამდვილობა. შეიძლება 200 ათასივე არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ამის შემდეგ, სახალხო ინიციატივის წესით შედის პარლამენტში და იწყება კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა.
პლენარულ სხდომაზე გასვლის შემდეგ, პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-მა. თუ 2/3-ის მხარდაჭერას მოიპოვებს, ეს ცვლილება შემდეგი მოწვევის პარლამენტმა, ანუ 2020 წელს არჩეულმა პარამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუ ინიციატივას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 დაუჭერს მხარს, მაშინ აღარ არის საჭირო, შემდეგი მოწვევის პარლამენტის დამტკიცება. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამ მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-მა მხარი დაუჭიროს, 2/3-ის მხრდაჭერის იმედიც არ მაქვს. შეიძლება ეკა ბესლიას ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, თუმცა ვნახოთ, რას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ 200 ათას ხელმოწერასთან დაკავშირებით" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.