შესაძლოა 1-ლი და 14 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. ეს სწორედ ის თვეა, სადაც თავმოყრილია უამრავი უქმე დღე. თუკი შაბათ-კვირასაც მივათვლით, სამომავლოდ მაისის ნახევარი არასამუშაო დღეები იქნება.
პარლამენტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ორი კანონპროექტია წარდგენილი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უქმე დღეების რაოდენობა გაიზრდება კერძოდ, ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი არიან, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 1-ლი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში უქმე დღედაა აღიარებული. პროექტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის გამოხატულება იქნება.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარიაა. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და დაემატება - 14 მაისი "სამშობლოს დღე". გარდა 14 მაისის უქმე დღეს გამოცხადებისა, პროექტი თამარის ხსენების დღის - 14 მაისის ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ გამოცხადებას გულისხმობს.
მაისისში თუ კიდევ დამატებით 2 არასამუშაო დღედ გამოცხადდება გამოდის, რომ 5 დღე მხოლოდ დასვენებისთვის იქნება. ამას ემატება შაბათ-კვირა რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თვე სრულად პარალიზებული იქნება.
დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პირველ მაისთან დაკავშირებით "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია და უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ ასევე მისი თქმით კოდექსსში შეიტანენ ახალ ცვლილებებს რისი მიხედვითაც დამატებითი სამუშაო საათები უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა.
"შრომის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ამას კი სჭირდება აღნიშვნა, დაფასება. მეორე ამას აქვ პრაქტიკული დატვირთვა, რომ მშრომელებს მიეცეთ საშუალება რომ დემონსტრაცია მოაწყონ და ამით შომის მნიშვნელობას გაუსვან ხაზი და თუ ეს უქმე დღე არ იქნება ადამიანებს ეს საშუალება ვერ ექნებათ. შრომის კოდექსსში შეგვაქ ცვლილებები რისი მიხედვითაც ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა იყოს ასევე უქმე დღეს სხვა ტარიფით უნდა ანაზღაურდეს და როდესაც ფულთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი უფრო სხვანაირად მოეკიდებიან ამ ყველაფერს", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მაისის თვის პარალიზებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ ეს არ იქნება საგრძნობი. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ პირველი მაისის დამატება მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე:
"აქართველოში ისეთი სამსახურებია, რომ ეს 5-6 დასვენების დღე თუნდაც მაისის დასაწყისს დაემთხვეს აღდგომის დასვენებებიც, დიდ გავლენას ეკონომიკაზე ვერ მოახდენს, რადგან ამდენად პროდუქტიული სამსახურები არ გვაქვს სამწუხაროდ, თუმცა არის გამონაკლისიც. მომავალში თუკი სამუშაო მიდგომა შეიცვლება, შესაძლოა, გადაიხედოს და შემცირდეს ისევ უქმე დღეები, თუმცა დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - აღნიშნა "რეზონანსთან" სილაგაძემ.