მარი ჩიტაია
10.05.2019

3 წელიწადში თბილისს მეტროს ახალი მიწისზედა ხაზი შეემატება. მეტროსადგურის მშენებლობის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ იგეგმება მეტროს 2 ხაზის განვითარება, რომლის ათვლის წერტილი მეტროსადგური "სამგორი" გახდება. პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე "სამგორს" ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. კვლევა-პროექტირების მეორე ფაზა სამგორსა და რუსთავს შორის მონაკვეთის შესწავლას მოიცავს.

სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი მიწისზედა სადგურების მშენებლობაზე კონკურსი თებერვალში გამოცხადდა და ახლახან დასრულდა. გამარჯვებულია ავსტრიულ კომპანია ILF CONSULTING ENGINEERS AUSTRIA,  რომელთანაც ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ პროექტთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და  ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განისაზღვრება ვადა და სხვა ტექნიკური საკითხები.

"ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში მომსახურე კონტრაქტორი კომპანიისგან კვლევა-პროექტირებას მივიღებთ. მისი მიზანია მეტროს ორი ხაზის განვითარება, რომელიც სადგური "სამგორიდან" აითვლება.  პირველი ხაზი გულისხმობს, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულება საქალაქო რკინიგზიზასთვის გახდეს მოდიფიცირებული. კვლევა-პროექტირების მეორე ფაზა კი სამგორსა და რუსთავს შორის მონაკვეთის შესწავლას მოიცავს. მშენებლოაბზე ჯერ საუბარი არ არის, ეს სხვა ეტაპია, მას შემდეგ რაც დასრულდება კვლევა და გვექნება შედეგი, ამის შემდეგ უკვე საპროექტო წინადადება შემუშავდება და ტენდერი გამოცხადდება უშუალოდ მშენებლობაზე. 

მნიშვნელოვანია მიწიწისზედა სადგურის მეორე მიმართულება სამგორი-რუსთავი, რომლის საშუალებით თბილისი რუსთავს დაუკავშირდება. ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში იყო გაწერილი დეტალურად პირობები, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ესაა ვალდებულებები როგორც კომპანიის, ასევე შესასრულებელი სამუშაოს მიმართ, რაც კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა შეასრულოს. როგორც კი დოკუმენტაცია წესრიგში იქნება, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, მომდევნო 15 თვის განმავლობაში კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს კვლევა-პროექტირება. ჯამში ხელშეკრულების ღირებულება 12 მლნ 762 ათას 530 ლარია.

სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს  მშენებლობის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში გაახმოვანა. მისი თქმით, ახალი მეტროსადგური დღიურად 200 ათას ადამიანს მოემსახურება. 

პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება და 2020-2022 წლებში დასრულდება. ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა შვიდი ახალი სადგური. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორი – ლილოს ბაზრობა, სამგორი – აეროპორტის ხაზებზე მეტროს ექვსი შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. მოცდის სავარაუდო დრო 10 წუთი იქნება.

სადგურები 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა 

თბილისის მერის შეფასებით, პროექტი ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი ხაზის წყალობით, შემცირდეს ლილოს მიმართულებით მოძრავი ავტომობილების რაოდენობა, შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოგვარდეს საცობების პრობლემა, რაც ჰაერის დაბინძურების დონეს შეამცირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×