(რეზონანსი) ანგარიშის ნომერი გვაქვს და რა დროსაც მოხდება გირაოს თანხის მობილიზება, მაშინ გავათავისუფლებთ ქალბატონ როენას, - ამის შესახებ განცხადება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დაკავებული როენა ხუცურაულის ე.წ. "მამიდას" ადვოკატმა გააკეთა.
არჩილ დვალიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე საპატიმრო არ დაუტოვებია.
"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ბუნებრივია მადლიერებას გამოვხატავთ ამის გამო. ამ ეტაპზე გირაოს შესატანი თანხის ძიების სტადიაში ვართ. ოჯახი, სანათესაო, საახლობლო - გირაოს თანხის შესაგროვებლად მობილიზაციას ვაკეთებთ, ანგარიშის ნომერი გვაქვს და რა დროსაც მოხდება ამ თანხის სრული შეგროვება იმ დროს გავათავისუფლებთ ქალბატონ როენას.
ასე რომ ჯერჯერობით, მცდარი ინფორმაციაა, რომ იგი გათავისუფლებულია. ზოგადად, თანხის დაფარვისთვის 30 დღიანი ვადაა, თუმცა 30 დღეს ხომ არ დაველოდებით? - ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მალე დავფაროთ ეს თანხა. თანხის სრული მობილიზაციის შემდეგ შევეხმიანებით უშუალოდ პროკურორს და მისი მეშვეობით მოხდება ქალბატონი როენას გათავისუფლება", - აცხადებს დვალიშვილი "2020NEWS"-სთან.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას" მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.