„ასეთი ტიპის რთული პრობლემა ყველა ქვეყანასთან გვაქვს, გარდა თურქეთისა. რუსეთთან მთელი საზღვარი არ არის დელიმიტირებულ-დემარკირებული. თავის დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრად ის ადმინისტრაციული საზღვარი მიჩნეულიყო, რომელიც ორ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სადაო საზღვრებზე საუბრისას.
საქართველოს მთავრობამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია პარასკევს დაამტკიცა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, დავით გარეჯის მსგავსად, კიდევ სად არის ასეთი ტიპის სადაო საზღვრები, - ამის გასარკვევად „რეზონანსი" ანალიტიკოსს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, ასეთი სადაო საკითხი საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან აქვს, გარდა თურქეთისა. იგი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს;
„არის ბევრი სადაო საკითხი, რადგან რუსულმა მხარემ ბევრ ადგილას ქართული მხარე აიძულა, რომ გარკვეული სიმაღლეები დაეტოვებინა და თითქმის ყველა სტრატეგიული სიმაღლე დღეს რუსეთის ხელშია. დავკარგეთ სოფელი ნაძვები ხევსურეთისკენ და კიდევ ბევრი სხვა.
„რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, იქ არის დემარკირებული-დელიმიტირებული დაახლოებით საზღვრის 60-65%. დანარჩენილი სივრცეები გარკვეული დავის საგანია. ასეთი მწვავე როგორიც გარეჯი, არსად არაა, მაგრამ მაინც არსებობს დავები, რაც დემარკაცია-დემილიტირების სწრაფად დამთავრების საშუალებას არ იძლევა;
„აზერბაიჯანთან დაახლოებით 10-12 ადგილია ასეთი, სომხეთთანაც იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, ქართული კულტურული ძეგლები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო, დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა, 200 მეტრია საზღვრიდან. ასევე ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაც," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.