“საქართველოსთვის ამ პროექტს უდიდესი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება”
თამარ შუკვანი
11.05.2019

 „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას უდიდესი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. რკინიგზის ფუნქციონირების პირველ ეტაპზე დაგეგმილია დაახლოებით 5 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება, არა მხოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, არამედ ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით," - აცხადებს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მნიშვენლობის შესახებ საუბრისას.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა, რა გეოპოლიტიკური მნიშვენლობა ენიჭება?

ჩიტაძის განცხადებით, აღნიშნული რკინიგზა დიდი მნიშვენლობისაა, როგორც უშუალოდ ამ სამი ქვეყნისთვის, ასევე სხვა ევროპული თუ აზიური სახელმწიფოებისთვისაც.

„ეს რკინიგზა ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მეორე ეტაპზე ასევე ნავარაუდევია, რომ შესაძლებელი იქნება ტვირთების მოცულობის 17 მილიონ ტონამდე გაზრდა, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს, როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, ასევე სატრანზიტო გადასახადების სახით საქართველო დამატებით შემოსავალს მიიღებს.

„რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ფუნქციას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიების გავლით ევროპის სახელმწიფოები სხვადასხვა ტვირთებს მიიღებენ და დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებით, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა იყოს. შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს ექსპორტირებული ტვირთების უსაფრთხოება. საქართველოს მიმართ ეს გეოპოლიტიკურ დაინტერესებას გაზრდის.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ევროპის ქვეყნები და ცენტრალური აზიის ქვეყნები სხვადასხვა ტვირთებს მიიღებენ; აგრეთვე ჩინეთი, რომელსაც შესაძლოა იაპონიაც შეუერთდეს. შესაძლებელი იქნება უფრო ნაკლები დანახარჯებით ტვირთების ტრანსპორტირება შორ მანძილზე. რუსეთის ტერიტორიის გავლით ევროპის მიმართულებით ეს უფრო ძვირი ჯდება," - აღნიშნა ჩიტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით, იკვეთება თუ არა რუსეთის ინტერესები და ამ შემთხვევაში ყურადღება რა ინტერესებზე შეიძლება გამახვილდეს?

ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ამ რკინიგზისადმი რუსეთის ინტერესი ნამდვილად არსებობს; რუსეთს შეეძლება ტვირთის გადატანა უფრო იაფად.

„ამ რკინიგზაში რუსეთის ინტერესები იკვეთება. ამ შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია რუსეთმაც ტვირთების გადაადგილება უზრუნველყოს. არსებობს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. შესაბამისად, შესაძლებელია შემდგომში რუსული ტვირთების ტრანსპორტირება აღნიშნული რკინიგზის მეშვეობით. საქართველომ ამ შემთხვევაში საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს რუსეთიდან მომავალი ტვირთების კომერციული და მეორე მხრივ, პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ.

„რუსეთის ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ უზრუნველყოს რუსეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზის მეშვეობით საკუთარი ტვირთების ექსპორტი. ეს უფრო იაფი დაუჯდება რუსეთს, ვიდრე დასავლეთის მიმართულებით ტვირთების გაგზავნა," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა, მისი სიგრძე 829 კილომეტრია. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია კი, 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

სავარაუდო გამტარუნარიანობა - წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთია. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება სამ მილიონ მგზავრამდე გაიზარდოს და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×