(რეზონანსი) კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიის ინფორმაციით, კახეთის ყველა საფრთხის შემცველ მდინარეზე წყლის დონემ დაიკლო, რაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყების საშუალებას იძლევა.
კახეთის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, თუშეთში, უკვე შესულია საგზაო დეპარტამენტის კუთვნილი მძიმე ტექნიკა, რომელიც რეგიონს სტიქიასთან ბრძოლაში ეხმარება.
"მდინარე ალაზანში წყალმა მთაშივე დაიკლო, წვიმის გაგრძელების შემთხვევაშიც, სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება,"-განაცხადეს სამხარეო ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომისია სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციას ჩაატარებს, რის შემდეგაც, შესაბამის დახმარებაზე, საქართველოს მთავრობა იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა კახეთის დიდი მდინარეების ადიდება და მუნიციპალიტეტების სტიქიური დატბორვა გამოიწვია.
(პრაიმტაიმი)