(რეზონანსი) ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
ილია მეორემ საქართველოს ყველა მოქალაქეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა.
"მთელი ერი მოხარული ვართ იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის. ქრისტე აღსდგა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა", - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.