"ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს გეგმავდა.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მორიგი სპეკულაციაა, რაზეც კომენტარის გაკეთება არ ღირს.
„რუსთავი 2"-ის განცხადებებსა და მათ მიერ შეთხზულ ისტორიებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. „რუსთავი 2"-ის ნებისმიერ მონტაჟზე კომენტარის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ამას ჩვენ სერიოზულად აღვიქვამთ და გარკვეული ნიშანწყალი შეიძლება იყოს," - აღნიშნა ქანთარიამ.
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ არ იცის, თუ რა შავ პიარზეა საუბარი;
„რაღაცა დოკუმენტებს ატრიალებენ, რომელიც გაურკვეველია ვისი მომიწერაა და საერთოდ, რაზე არის საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს," - განაცხადა ზოიძემ.
"რუსთავი 2"-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტებით, მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა.
„გიგი წერეთელთან დაკავშირებით არავითარი დაგეგმილი შავი პიარი მე არ მახსენდება," - ამბობს ნუკრი ქანთარია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის ყოფნას მიესალმება აკაკი ზოიძეც. მისი თქმით, ეს „საერთო საქმეა."
„ძალიან კარგია, რომ ქართველი არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანი და ვერაფერს ცუდს ამაში ვერ ვხედავ. ეს არის გარკვეული საერთო საქმე.
„თუმცა გაურკვეველია, რა ლობისტებზეა საუბარი; თუ მე მყავს ოფიციალურად ლობისტი დაქირავებული, ისინი მხოლოდ და მხოლოდ საერთო ინტერესებზე მუშაობენ და არასდროს პირადი მიზნებისთვის და „ქართული ოცნების" მიზნებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული. ბატონმა გიგიმ ეს კარგად იცის და არ ჭირდება, რომ ამაზე იაფასიანი სპეკულაცია გააკეთოს," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
იგივეს ამბობს მმართველი გუნდის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ის, რომ გიგი წერეთელი პრეზიდენტია, რა არის ცუდი ამაში?! მე მგონია, ეგ ძალიან კარგია და არ მგონია, რომ ეგ სიმართლე იყოს, შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე," - აცხადებს კახა კალაძე.