რეზონანსი
13.05.2019

 ტრეფიკინგის და მცირეწლოვანი ბავშვებით სავარაუდო ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის დედამთილი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ  ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების მიერ ბავშვებზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა 10-დან ორმა, ან სამმა მაინც თქვას, რომ იულია სუსლიაკი მათი დედა არ არის.

„ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ბებიას მხოლოდ დღეს მისცეს ბავშვების ნახვის საშუალება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დედამთილი ჩამოვიდა თბილისში, ჩააბარა დნმ-ს ნიმუში, რომლითაც როგორც მინიმუმ შესაძლებელია გოგონების დნმ-თან შედარება, მაგრამ ეს დნმ შეინახეს და ამ დრომდე არ გამოკვლეულა.

გარდა ამისა, აფხაზეთში მყოფი იური სუსლიაკი, ანუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმარი, მზად არის მოვიდეს ენგურის ხიდთან და იქ მოხდეს მისთვის ბიოლოგიური მასალის აღება. იური ფიზიკურად ვერ გადმოდის ენგურს აქეთ, რადგან ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო დააკავებენ” - აცხადებს "პრაიმტაიმთან" ზურაბ თოდუა.

შსს-ს ინფორმაციით,  2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალის შვილი იყო. ქალი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×