(რეზონანსი) „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს.
შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს. ჩიქოვანმა 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარმოადგინეს.
კერძოდ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია მიუვარდა ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა.
„კადრებში მათ შორის ჩანან კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ნაციონალური მოძრაობა ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა, - განმარტა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.