რეზონანსი
13.05.2019

 (რეზონანსი) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

როგორც ბავშვის მამამ, ზურა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მაღაზიაში ერთ-ერთი ფირმის ქათამი შეიძინა, რომლისგანაც მისმა მეუღლემ წვნიანი მოამზადა. ჩვილს წვნიანი აჭამეს, მათმა სამი წლის გოგონამ კი, ქათმის ხორცის მხოლოდ მცირე ნაწილი შეჭამა.

„სამი წლის გოგონაც მყავს. ხორცის ნაწილი შეჭამა, რადგან თან ძაღლს ეთამაშებოდა და ნაწილს ძაღლს უყრიდა. ჩემს ბიჭს როგორც კი წვნიანი აჭამა დედამისმა, მაშინვე კრუნჩხვებში ჩავარდა. საავადმყოფოშიც რომ ყოფილიყო და იქ ეჭამა, ექიმები მაშინაც ვერ გადაარჩენდნენ, იმდენად სწრაფად იმოქმედა შხამმა", - აცხადებს ზურა გამყრელიძე.

ქათმის ხორცით მოიწამლნენ ჩვილის მშობლებიც. ისინი კატასტროფის ბრიგადამ ინტოქსიკაციით თბილისში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ყვარლის ჰოსპიტლის პედიატრის, თინათინ რუსიაშვილის განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში გადაიყვანეს და რეანიმაციული დახმარების მიუხედავად, ორ საათში გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქათამი გამყრელიძეების ოჯახს თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნა. ქათმის ხორცი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×