სად არის ზაზა სარალიძე და ვინ ცდილობს შვილმკვდარი მამების დაპირისპირებას
ელზა პაპოშვილი
13.05.2019

 

სად არის ზაზა სარალიძე და რატომ აღარ იმყოფება ის რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება მედიაში და საზოგადოებაში მოსაზრება და ეჭვები, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის გარკვეული დაპირსპირებაა. რა ხდება რეალურად და რატომ აიღო გარკვეული ტაიმ-აუტი სარალიძემ აქციებთან დაკავშირებით. ამ კითხვებით „რეზონანსმა“ მის ადვოკატს მიმართა. 

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს მაჩალიკაშვილის და სარალიძის დაპირისპირება სურთ, ინტერნეტში აქტიურად მიდის პიარი, თითქოს  შვილ მკვდარ მამებს შორის უთანხმოებაა. სად არის ზაზა სარალიძე, ამ კითხვაზე ადვოკატი „რეზონანს“ პასუხობს, რომ ოჯახური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და თბილისში არ იმყოფება. თუმცა ეს დროებითია და ის აქტიურ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. ლონდარიძე ამბობს, რომ სარალიძის ინტერვიუმ და განცხადებამ იმაზე, რომ მას არ სურს იყოს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირებული. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ადვოკატი ამაში გასაკვირს და უცნაურს ვერაფერს ხედავს. 

„ბოლო დროს ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, თითქოს სარალიძე დაიღალა და ბრძოლა შეწყვიტა. ეს ტყუილია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მას ბრძოლა ერთი წუთითაც არ შეუჩერებია. ასევე,  სოციალურ ქსელებში და მედიაში ვრცელდება ფეიკნიუსები თითქოს მასა და მაჩალიკაშვლს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. ესეც მტკნარი სიცრუეა. 

არ ვიცი ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ვინ არის დაკავებული, ხელს მტკიცებულების გარეშე ვერავის დავადებ, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ინტერეს-ჯგუფები არსებობს, რომლებსაც შვილმკვდარი მამების დაშორება უნდათ. ზაზა სარალიძე ახლა თბილისში არ იმყოფება და ის ოჯახის საქმეების მოგვარებით არის დაკავებული. ტყულია, რომ ის ბრძოლას აღარ აპირებს. ჩვენ ახლა ველოდებით სასამართლო განხილვის დასრულებას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ კონკრეტულად რა და როგორ მოვიმოქმედოთ. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ სარალიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“, - აცხადებს ადვოკატი. 

ამბობს, რომ "ასავალ-დასავალთან" ზაზა სარალიძის ინტერვიუმ  გარკვეული სახის გაუგებრობა გაამოიწვია, თუმცა ვერ ხვდება რატომ. მისი თქმით, რადგანაც რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სარალიძის დისკრედიტაცია ამ ფორმით მოეხდინა და მას „ნაციონალების“ კოორდინატორიც კი უწოდა, რაც მტკნარი სიცრუეა. ამიტომაც სარალიძემ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების  დაკვეთა რაც იყო, ის გაეკეთებინა - გაემიჯნა ყველა პოლიტიკურ ძალას, რადგანაც  ბრძოლას სამართლიანობის აღდგენის სახელით მოსახლეობის თავლში აზრი არ დაკარგვოდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი  ამბობს, რომ არ იცის ახლა ზაზა სარალიძე  სად იმყოფება. მისი თქმით, მან სარალიძეს დაღლა შეამჩნია და ალბათ აქციაზე არყოფნის მიზეზი ეს არის. მაჩალიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ მათ შორის რაიმე დაპირისპირებაა  და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტყუილი და ჭორებია. 

“ზაზა სარალიძე ორ თვეზე მეტია არ არის იმ აქციებზე, მიზეზს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს მისი პირადი საქმეა. ერთი შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, იმ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე, რასაც ვგრძნობში ჩემში და იმ ადამიანის გვერდში ვიქნები, ამას წლები რომ დასჭირდეს. ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, არანაირი მითქმა-მოთქმა არ ყოფილა, როგორც ავრცელებენ, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, უბრალოდ მე მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე, ალბათ დაიღალა, მეორე - მისი შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს, მე შვილი სახელმწიფომ მომიკლა, ”- აცხადებს მაჩალიკაშვილი.  

ზაზა სარალიძემ ინტერვიუ  გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისცა, სადაც  ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის საუბრობს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კარვების აქციაა.

“იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა!“ – აცხადებს ზაზა სარალიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×