მარი ჩიტაია
14.05.2019

 მიმდინარე წლის 4 თვის განვალობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება, ხოლო საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი - რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან რუსეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს 2019 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება ფიქსირდება.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ბენზინისა და დიზელის იმპორტმა მიმდინარე წლის აპრილში შეადგინა 86,3 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით (87,3 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 45,6 ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 318,9 ათასი ტონა, რაც 10,9 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (329,8 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აპრილის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 175,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 143,3 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 4 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  რუსეთიდან - 100,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 86,0 ათასი ტონა (27,0%), აზერბაიჯანი - 61,9 ათასი ტონა (19,4%), ბულგარეთი - 32,2 ათასი ტონა (10,1%), თურქმენეთი - 24,3 ათასი ტონა (7,6%); საბერძნეთი - 13,4 ათასი ტონა (4,2%) და სხვ.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილი ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და პოზიციას წლიდან წლამდე იუმჯობესებს. მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე გაიზარდა ასევე იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც რუსეთიდან საწვავის იმპორტით არიან დაკავებული.

`მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საწვავის ყველაზე მსხვილი შემომტანი რუსეთია. შემდგომ ორ პოზიციას რუმინეთი და აზერბაიჯანი ინაწილებენ. რუსეთიდან იმპორტის ზრდა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. 

რიგი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ბოლო პერიოდში აქტიურად გახდნენ რუსული საწვავის მომხმარებლები. გარდა ამისა, რუსეთი მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად, იმპორტი ამ ქვეყნიდან სავსებით მისაღებია, რასაც გარკვეულწილად შედარებით ნაკლები ხარჯიც განაპირობებს.  

მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს იმას, რომ რუსეთი ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე. პოზიციებს იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს~, - აღიშნავს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი და იქვე დასძენს, რომ რუსული საწვავი ხარისხის მხრივ კარგია, რითაც მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

`რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის მოდის და სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან.  

რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს. რაც შეეხება პერსპექტივას, ჯერჯერობით მიჭირს საუბარი, რამდენად შესაძლებელია არსებული ტრენდის გაუმჯობესება. 

საწვავის საკმაოდ მაღალი ფასებია და სამომავლოდ უნდა გამოჩნდეს, როგორი იქნება მოთხოვნა. ფასი რა გავლენასაც მოახდენს მოხმარებაზე, მალე გვეცოდინება. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგშია - საავტომობილი პარკი გაზრდილია, ტურისტული სეზონი აქტიურია და სატრანზიტო გადაზიდვებიც გაიზარდა. ლოგიკურად, მოხმარება და იმპორტი მაღალ ნიშნულზე უნდა დაფიქსირდეს, მთავარია, საწვავის რეალიზაციაზე ცუდი გავლენა ფასმა არ მოახდინოს, ვითარება ამ მხრივ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება~, - დასძენს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს, 2019 წლის აპრილში მან შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც ფაქტობრივად მარტის მაჩვენებლის ანალოგიურია.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,32 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ირანი - 0,26 ათასი ტონა (16,2%), თურქეთი - 0,25 ათასი ტონა (15,6%), გერმანია - 0,16 ათასი ტონა (10,0%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან - 3,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3 ათასი ტონა (32,6%) და თურქმენეთი - 2,4 ათასი ტონა (26,1 %).

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 30,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (24,0 ათასი ტონა).

2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით მატია მარტის მაჩვენებელზე. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 30,0 ათასი ტონა, რაც 15,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 3,9 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,6 ათასი ტონა) 0,3 ათასი ტონით აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×