თამარ შუკვანი
14.05.2019

"თუ არის კანონის გადაცდენა, ამაზე ყველა პასუხს აგებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს. "ნაციონალების" მხრიდან პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი. სანდრა რულოვსის კანდიდატად დაყენება, უკვე დიდი პროვოკაციაა - ამაზე დიდი პროვოკაცია ძნელად წარმოსადგენია," - აცხადებს "რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას.

ცნობისათვის, ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დაესხნენ თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" აქვეყნებს.

„ძალიან უხეშად მოვიდნენ, გინებით, ქართულად, მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციას-თქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა. ახლა მოვიდნენ, როცა ისინი უკვე წასულები არიან," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა, შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

„ყველას ამოცანაა, რომ არჩევნები აბსოლუტურად სტაბილურ და მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ასევე კანონის ფარგლებში. არჩევნები სულ ცოტა ხანში იქნება და დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს მოსახლეობა იმ ვერდიქტს გამოიტანს, რაც ქვეყანას სჭირდება და არ გააცინებს არავის," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ზუგდიდის პოლიციის უფროსის, ირაკლი ფაცაციას განცხადებით, საკითხის შესწავლა უკვე მიმდინარეობს და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×