ნათია ფეხშველაშვილი
14.05.2019

 „მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას თავისი ტერიტორიები თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი დავით ქაცარავა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და 28 მაისს აზერბაიჯანული მხარის მიერ შესაძლო მსვლელობას ეხმაურება.

„ბუნებრივია, დავფიქრდებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორია არ დავთმოთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას თავისი ტერიტორიები, თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა ქაცარავამ.

აზერბაიჯანელი აქტივისტების მსვლელობის გაპროტესტების კონკრეტულ ნაბიჯებზე ქაცარავა ჯერ არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ეს საკითხი რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული.

„ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. ჯერ დრო კიდევ არის 28 მაისამდე და როგორც კი გავეცნობით სიტუაციას, გავაკეთებთ ჩვენს განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ დაიცავს ჩვენს ტერიტორიებს და წავა დათმობებზე, ვგულისხმობ დავით გარეჯის თუნდაც ერთი კვადრატული სანტიმეტრის გადაცემას აზერბაიჯანული მხარისთვის, ჩვენ, საზოგადოება შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - აღნიშნა მან.

„ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველანაირად ეცდებიან პროტესტმა ყველანაირი აგრესიის გარეშე ჩაიაროს.

„ჩვენ ვიქნებით ჩვენს ტერიტორიაზე, დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, რომელზეც პრეტენზია აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. ბუნებრივია, ჩვენ არანაირი სურვილი და განწყობა არ გვაქვს, რომ აგრესიული სახე მიიღოს ამ მსვლელობებმა. ძალიან მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და ისე, როგორც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. სოციალურ ქსელებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს სთავაზობს მსვლელობას დავით გარეჯის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×