ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომამ დღესაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კვლავ საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ამ უკანასკნელმა კი სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. ხმაური კომისიაში გაგრძელდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ზუგდიდში მერის არჩევნების გაყალბებას ყველა ხერხით ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან სიების გატანის მცდელობა ოპოზიციამ აღკვეთა, თუმცა დღეს ხელისუფლების ახალი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი - აღმოჩენილია მინიმუმ 200 ადამიანი, რომლებიც ზუგდიდელები არ არიან და საარჩევნოდ ზუგდიდში „გადმოწერეს."
ოპოზიციამ საკითხის განსახილველად დაყენება მოითხოვა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ მათ არ მისცა საშუალება სხდომაზე ეჩვენებინათ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებშიც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდათ.
კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. სხდომაზე დაპირისპირების შემდეგ მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას სიების და ბეჭდების გატანაზე განმარტებები გააკეთა. ამასთანავე, მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც სხდომაზე არ მოხდა იმ საკითხების დაყენება, რომელთა განხილვასაც ოპოზიცია ითხოვდა.
„წერილობით შემოიტანა განცხადება „ნაციონალური მოძრაობიდან" დანიშნულმა კომისიის წევრმა და ნახეთ, როგორ კითხულობდა ამ ტექსტს და იყო თუ არა მისი ნაწერი. ნახეთ, როგორი ბუნდოვანი შინაარსი გადმოსცა. ეს (ფოტო და ვიდეო) მასალა არის სუბიექტების მხრიდან წარმოდგენილი, კომისიის წევრს კი არ წარმოუდგენია. კანონის შესაბამისად ეყარა კენჭი დამატებას. მე მაგას რომ არ განვიხილავ, ეს არ არის თემა. კენჭისყრით არის ორი საკითხი. წევრს აქვს დამატებით მოთხოვნის საშუალება, ეყარა კენჭი საკითხს, გადაწყდა საკითხი და დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი იქნა გატანილი სხდომაზე," - განაცხადა მირანდა მესხმა.
ცნობისათვის, ზუგდიდში დაპირისპირება და ხმაური უკვე ორი დღეა გრძელდება. გაერთიანებული ოპოზიცია მირანდა მესხის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც, ოპოზიციის თქმით, მან სამაგიდო სიები და ბეჭდები გასცა. ოპოზიციამ მესხი უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. პროტესტის შემდეგ კი, სიები უკან დაბრუნდა, ბეჭდები კი ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიცვალა.