ია აბულაშვილი
16.05.2019

 "რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ვიცი, თუმცა მოძრაობები, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, ამაზე მიანიშნებს და ეს უფრო შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამოჩნდება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" დაწყებულ განახლების პროცესს.

"ოცნებაში დაწყებული განახლების პროცესი დაგვიანებულად მიმაჩნია და ანალიტიკურ სამსახურს ამაზე ზრუნვა ადრე უნდა დაეწყო, ვიდრე პარტიის შიგნით რღვევა დაიწყებოდა. საერთოდ, საკადრო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრობლემური საკითხია და ამჯერად მაინც არ უნდა დაუშვან შეცდომები; თუმცა პირველი ნაბიჯები არა მგონია, რომ სწორი იყოს, რადგან ახალი კადრების შერჩევა დაევალა ადამიანს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. და იმ სფეროშიც, რომელშიც მოღვაწეობდა, უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, ვგულისხმობ მაია მიმინოშვილს, "ნაციონალების" ყოფილ კადრს. ამ ხალხმა განათლების სისტემა დაანგრია და სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც სიღრმისეული ცოდნის ნაცვლად დომინირებს ინფორმაციული ცოდნა. ტესტირების სისტემამ რაც მოგვიტანა, ესეც ვნახეთ და ახლა მიმინოშვილი, საშუალო დონის მათემატიკოსი, თუ ისევ ტესტირების სისტემით აპირებს "ოცნების" გაძლიერებას, არ ვიცი.

კადრების შერჩევა ნათესავებიდან, მეზობლებიდან და საახლობლოდან კი არ უნდა დაიწყონ, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო წრეებში უნდა ეძებონ. ასეთები კი ამ სფროში ძალიან ბევრნი არიან და პირადად მე შემიძლია რამდენიმე საუკეთესო ახალგაზრდა დავასახელო, რომლებიც სულ მალე დაამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს და გარანტია აქვთ, რომ უმუშევრები დარჩებიან.

რაც შეეხება ახალი პარტიული სიის შედგენას, ესეც რაღაც აბსურდს არ უნდა დაემსგავსოს. როგორ შეიძლება პარტიული სიის შედგენა ერთ კაცს დაევალოს?! საქართველოში ქორწილის სიასაც კი არ ადგენს ერთი კაცი და მიდის მსჯელობა, ვინ დაპატიჟონ, პარტიაში კი, რომელსაც მმართველი გუნდის პრეტენზია აქვს, ჩემი აზრით, მხოლოდ ღირსეული ადამიანები უნდა მოხვდნენ.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, დარწმუნებით რაიმეს თქმა გამიჭირდება, თუმცა მოძრაობები, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, ამაზე მიანიშნებს. მაგრამ ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც შეუალედური არჩევნების შედგებეზე იქნება დამოკიდებული. ხელისუფლებას ეს ვარიანი აწყობს, რადგან დღეს აქვს გარანტია, რომ არჩევნებს მოიგებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს. ოპოზიციისთვის კი მმართველი გუნდის ეს ტაქტიკა, არა მგონია, რომ მისაღები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამას თავად მოითხოვდნენ, მაგრამ დღეს მთელი რესურსი შუალედურ არჩევნებში ჩადეს," - განაცხადა "რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×