თამთა ჩაჩანიძე
16.05.2019

 "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოეწონა საკუთარი რეიტინგი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში და ამიტომ ცდილობენ ზუგდიდში ვითარების ესკალაციას, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მოვლენების კომენტირებისას. ამბობს, რონ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დამუხტვას.

მის საპასუხოდ კი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "რეზონანსთან" უარყოფს მათ მიერ რაიმე ფარული კვლევის ჩატარების ფაქტს, ამბობს, რომ ფარულ კვლევებს ტავად "ქართული ოცნება" ატარებს.

"თქვენ ხედავდით, რომ პროცესი წარიმართებოდა მშვიდ და სამართლიან გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს. აქედან გამომდინარე, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.

"მე არ ვისაუბრებ დღეს ჩვენს შიდა შედეგებზე. ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და ყველაფერი გაკეთდება პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს კვლევა არის მათივე ჩატარებული ფარული კვლევა, ინფორმაციები ყოველთვის ჟონავს, თორემ კვლევა რატომ ახსენა,რატომ არ ამბობს რომელ და რა კვლევაზეა საუბარი? ჩვენი კვლევის შედეგი არის ხალხი და ვთვლი, რომ გამოკითხვის ჩატარებას დროის და ფულის ხარჯვას აზრი არ აქვს.ზუგდიდში რომ ჩახვიდეთ, განწყობილება, ასე ვთქვათ, ჰაერშია, ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს იმ განწყობას, რომ ათიდან ცხრა სანდრა რულოვსს უჭერს მხარს," - აცხადებს რომან გოცირიძე.

"რა თქმა უნდა იქნება წინააღმდეგობა, მოსყიდვა, ძალადობა, მაგრამ ამის ნიშნების გამოყენებისა და ამ სასტარტო უპირატესობისა, რომელიც აქვს ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებს, მისი განეიტრალება შეიძლება ამომრჩევლის აქტიურობით - რაც უფრო მეტი ხალხი მოვა, მით უფრო მეტი შანსია ხელისუფლების წარმომადგენლის დამარცხების.

"ქართულ ოცნებას ასე გამოსდის "ჩემი შენ გითხარიო", პირველივე ტურში აგებს ოცნების კანდიდატი, 2016 წელსაც საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ტურში ორი ყუთი ხმა რომ არ გაეტაცებინათ და ის ორი უბანი რომ არ გაუქმებულიყო, სანდრა რულოვსი გამარჯვებული იქნებოდა. ასე რომ, თუ მათ უნდათ ძველი მეთოდებით უბნების დარბევა, ეს არ გამოუვათ," - ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე პროვოკატორები ამჯერად შეჭრას ვეღარ გაბედავენ, რადგან გაერთიანებულ ოპოზიციას უბნებზე 5 ათასი ადამიანი ჰყავს მობილიზებული.

"ახლა ვერავინ ცხვირსაც ვერ შემოჰყოფს საარჩევნო უბანზე, ზუგდიდში ჩვენ ვიქნებით 5 ათასი კაცი, ყველა უბანი იქნება დაცული, თუ პროვოკატორები მოვლენ და გაბედავენ ძალადობას, ეს უნდა აღკვეთოს პოლიციამ, წინა არჩევნებზე პოლიცია იყო უმოქმედო, ველურ ქვეყანაშიც კი არ ხდება, რომ საარჩევნო ყუთი გაიტაცოს ვინმემ და ეს ადამიანი იყოს დაუსჯელი. გუშინ უკვე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში გამოჩნდა გვარად მხეიძე, რომელმაც 2016 წელს საარჩევნო უბანი დაარბია," - აცხადებს რომან გოცირიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ.

"სამწუხაროდ, ეს ფარული ჩანაწერები ჩვენი არჩევნების "ლამაზ" ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ამ ინფორმაციას ჩაეძიონ, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი, თუმცა ეს "ლამაზი" ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" ინფორმაცია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×