ტელეკომპანია „იმედის" დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი ადგილი კინორეჟისორმა ელდარ მდინარაძემ დაიკავა. მან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და ტელეკომპანიაში თანამშრომლების გასაცნობად მივიდა.
მდინარაძე 2008 წლამდე ტელეკომპანია „მზეში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის, პარლამენტის წევრ ირაკლი ტრიპოლსკისა და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის მეგობარია. ინფორმაციას „პირველი რადიო" ავრცელებს.
ასევე, მდინარაძე 1990-2000 წლებში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანია მე-9 არხის დირექტორიც გახლდათ. მასთან ერთად ტრიპოლსკი და ყიფიანიც მუშაობდნენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი კვირის წინ „იმედის" გადაცემა „სხვა რაკურსის" პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, 21აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე პირველ მაისს დაწერა.
სტეფნაძემ თქვა, რომ 21 აპრილს მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მთავრობის „ანტისახელმწიფოებრივ" „დანაშაულებრივ" და „ძალადობრივ" ქმედებაზე საუბრობდა. მისივე თქმით, ის 21 აპრილს, თბილისში, პანკისის ხეობის მოსახლეობის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და პანკისელების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
პოსტის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს ის სწორედ „იმედის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ მას სამსახურიდან ფეისბუქის სტატუსის გამო უშვებდნენ.
„ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე," - დაწერა მაია სტეფნაძემ. მისი თქმით, „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება" დაირღვა.
ტელეკომპანიას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სალომე ბაზერაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბარში მხოლოდ განაცხადა, რომ სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
„იმედის" დირექტორის გიორგი კალანდარიშვილის გათავისუფლების შესახებ „რეზონანსი" მაია სტეფნაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.