"ზუგდიდში რაც ხდება, ეს არის თავსლაფის დასხმა, არავითარი თამაშის წესები, არვითარი ურთიერთპატივისცემა და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ გაყალბება და დედის გინება, თუმცა "ქოცნაცებმა" დედის გინების მეტი არაფერი იციან" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს.
"რა შედეგით შეიძლება დასრულდეს შუალედური არჩევნები, პროგნოზის გაკთება არავის შეუძლია, რადგან ზუგდიდის სიუჟეტებს რომ უყურებ, მაშინვე მიხვდები, რაც ხდება - არავითარი თამაშის წესები, არავითარი ურთიერთპატივისცემა და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ გაყალბება და დედის გინება; დედის გინების მეტი კი "ქოცნაცებმა" არაფერი იციან. აფრიკის ტომებში რომ ხდება, ისეა, ერთი თუ გაიმარჯვებს, მეორის სოფელს გადაწყვას რომ უპირებს, ისეა. კაცი საქართველოში ვერ ჩამოსულა, ჰოლანდიაშია და დასაჭერი ხალხის სია აქვს გამზადებული. მეორეს კი არანაირი გეგმა არა აქვს, მარტო იმ ხალხის იმედად არის დარჩენილი, ვინც ეუბნება, მიგვიშვი და ყველას დედას ვუტირებთო. ასე რომ, პოლიტიკურ დაფაზე ჩებიან "ქოცნაცები", გაყალბება, თავსლაფისდასხმა და დედის გინება.
"ქართულ ოცნებას" ისეთი კანდიდატი რომ დაეყენებინა, რომელსაც ქალაქი იცნობს და პატივს სცემს, ოპოზიციას 80-ით 20%-ზე მოუგებდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად რომ წერენ, რა დაემართათ ზუგდიდელებს, მხარს როგორ უჭერენ "ნაციონალებსო", "ნაციონალების" მხარზე კი არ არიან, "ოცნების" ქმედებებს ეწინააღმდეგებიან, გაყალებით, ზონდერებით, ყოფილი მხედრიონელებით რომ უნდათ არჩევნების მოგება.
"რა მოძრაობებიც არ უნდა დაიწყოს მმართველ გუნდში, განახლების რა პროცესიც, არაფერი უშველით, რადგან "ოცნების" რეიტინგი არის ნულის ტოლი. სიახლე არ უნდათ, ბიძინას უნდა, რომ ისევ ჩინჩალაძეები და მურუსიძეები დარჩნენ სასამართლო სისტემაში, საკანონმდებლო რეფორმების მამამთავარი კი იყოს კობახიძე. მაგრამ ასე ვეღარ გამოვა, რადგან საზოგადოების განწყობა დღეს სხვაგვარია, და მე ამას ვისმენ ამომრჩეველთან ყოველი შეხვედრის დროს. მომვალ არჩევნებში თუ გაყალბება არ იქნება და ხელისუფლება თავისი თამაშის წესებს არ გამოიყენებს, მაქსიმუმ 20-25%-ს აიღებს.
"ამიტომ, უნდა მოვიდეს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ისეთი თამაშის წესებს დაამყარებს, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას და ურთიერთპატივისცემას დაეყრდნობა. სწორედ ამაზე მიდის აქტიურად მუშაობა, როგორც პარტია "თავისუფალ საქართველოში", ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში. ათასკაციანი საპროტეტსო მიტინგიც კი ნათელს ხდის, როგორ ჩუმდება ხელისუფლება, ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციების დროს კი საერთოდ გაქრება. ამას გრძნობენ თავად პარტიის შიგნით ზოგიერთები და დისტანცირებას ახდენენ "ოცნებისგან". ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია იმ ხალხს დაეყრდნოს, რომლებიც საღ აზრს აწვდიან. მიშა სააკაშვილიც ბევრჯერ გამოძვრა კრიტიკული სიტუაციიდან, ვადამდელი არჩევნებიც ჩაატარა, პრეზიდენტობაც მოიგო, მაგრმა 1 ოქტომბერს ვეღარ გადაურჩა, ასე მოუვა ამ ხელისუფლებასაც," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.