თამთა ჩაჩანიძე
17.05.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში საეკლესიო განხეთქილება შესაძლოა ახლო მომავალში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სწორედ ეს გახდა ახალი ათონის მონასტრის დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამასთან, ამ კონფლიქტში აშკარად იკითხება რუსეთის ეკლესიისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაპირისპირების გამოძახილი.

დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი ე.წ. ეკლესია მოქმედებს - „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია", რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს მოკავშირე და მხარდამჭერია და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქს უჭერს მხარს. მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოები კი, უკრაინის საკითხის გამო, ერთმანეთს პრაქტიკულად მტრებად აღიქვამენ.

ახალი ათონის მონასტერი 2013 წლის შემდეგ „მიტროპოლიის" კონტროლის ქვეშაა და ეს „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" უკმაყოფილებას იწვევს, რომლის წარმომადგენლებიც პერიოდულად მიდიან ახალ ათონში, რა დროსაც ვითარება უკიდურესად მწვავდება ხოლმე.

ბოლო ასეთი გამწვავება 11 მაისს იყო, როდესაც ახალ ათონში რამდენიმე თავის მღვდელთან ერთად მისულმა „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მეთაურმა ბესარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა „მიტროპოლიის" ხელმძღვანელ დოროფეი დბარს. აპლიამ მოითხოვა, რომ დბარს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა მონასტერი და თან „მონანიების წერილი" მიეწერა რუსეთის პატრიარქ კირილისთვის.

ამის საპასუხოდ დბარმა აპლიას ახალ ათონში ერთობლივი ღვთისმსახურების ჩატარება შესთავაზა. აფხაზური მედიის ცნობით, ასეთი პასუხის შემდეგ აპლიამ და მისმა მომხრეებმა თავის ოპონენტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა - „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წარმომადგენლებმა ახალ ათონში დარჩენა გადაწყვიტეს. 15 მაისს კი მათ მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის ტაძრის შესასვლელთან ღვთისმსახურება ჩაატარეს, რამაც უკვე „მიტროპოლიის" წარმომადგენლები აღაშფოთა.

იმავე დღეს სახელდახელოდ გაიმართა „მიტროპოლიის" საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც მონასტრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამას გარდა, საბჭომ საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვან წესრიგი და უსაფრთხოება მონასტრის ტერიტორიაზე, რადგან „ვითარების შემდგომმა გამწვავებამ ახალი ათონის მონასტერში შესაძლოა სამღვდელოების და მრევლის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები გამოიწვიოს".

თავად აფხაზური საზოგადოების აზრით, აფხაზეთის საეკლესიო საკითხი დიდი ხანია გასცდა ეკლესიის საზღვრებს და ღრმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. აფხაზეთის სასულიერო პირთა ახალი თაობას სურს ევროპის სამღვდელოებასთან ინტეგრირება და ავტოკეფალიის მოპოვებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დახმარების იმედი აქვს, ხოლო ძველი თაობა ამ ყველაფერს მოსკოვის საპატრიარქოში ხედავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×